კილიან მბაპეს მიერ შესრულებული პენალტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საფრანგეთს „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გამართული დაძაბული მატჩი პარაგვაის წინააღმდეგ მოეგო და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასულიყო, სადაც მაროკოს დაუპირისპირდება.
მას შემდეგ, რაც პარაგვაი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა, სამხრეთამერიკელებმა ყოველგვარი მორიდების გარეშე დაიწყეს საფრანგეთის ვარსკვლავებით სავსე, შემტევი გუნდის თამაშის ჩახშობა.
ორგანიზებულობის, თავდაუზოგავი შრომისა და გარკვეული „ბნელი ხელოვნების“ კომბინაციით, მათ ორგზის მსოფლიო ჩემპიონებს პირველი ტაიმის განმავლობაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს.
მატჩის სცენარი პირველივე 20 წუთში განისაზღვრა, დიდიე დეშამის გუნდს ბურთის ფლობა 80%-ზე მეტი ჰქონდა და მეტოქეზე 6-ჯერ მეტი გადაცემა შეასრულა, თუმცა კარის მიმართულებით ერთი დარტყმაც ვერ განახორციელა.
„ლა ალბიროხამ“ მეტოქეს მხოლოდ 5 დარტყმის შესრულების საშუალება მისცა. შედეგად, ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მხოლოდ მე-3 მატჩი გახდა 1966 წლის შემდეგ, რომლის პირველ ნახევარშიც კარის ჩარჩოში არც ერთი დარტყმა არ დაფიქსირებულა.
საფრანგეთის გაღიზიანების საუკეთესო მაგალითი ნახევარი საათის შემდეგ ვიხილეთ, როდესაც ანდრეს კუბასის მიერ წაქცეულმა მბაპემ მოთმინება დაკარგა, რეალის ვარსკვლავის რეაქციამ კი მოედანზე 20 ფეხბურთელის მონაწილეობით მასობრივი შეხლა-შემოხლა გამოიწვია.
მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა, „ლე ბლუს“ შეტევითი საფრთხეც თანდათან იზრდებოდა.
მანუ კონემ ორლანდო ხილს მატჩში პირველი სერიოზული სეივის გაკეთება აიძულა, როდესაც მეკარემ შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა დეზირე დუეს მოედანზე გამოსვლა, პარი სენ-ჟერმენის შემტევი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და მხოლოდ 6 წუთში 3 მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და დიეგო გომესის მიერ წესების დარღვევით შეჩერდა.
პარაგვაელების მცდელობებმა, დაეგვიანებინათ პენალტის შესრულება, მბაპეზე გავლენა ვერ მოახდინა. საფრანგეთის კაპიტანმა მშვიდად დაარტყა დაბალ კუთხეში და ანგარიში გახსნა.
დამატებულ დროში მბაპეს შეეძლო უპირატესობის გაორმაგებაც, მაგრამ ორლანდო გილმა ბრწყინვალე ორმაგი სეივი შეასრულა.
საბოლოოდ, საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ყველაზე რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა მორიგ, კიდევ უფრო სერიოზულ გამოწვევას ელოდება მაროკოს წინააღმდეგ.
მატჩში განვითარებული მოვლენებიდან და პარაგვაელების მოქმედებებიდან გამომდინარე გასაკვირი ფაქტია, რომ ფრანგებმა 3 ყვითელი ბარათი მიიღეს, პარაგვაის გრაფაში კი 0 ეწერა.