ანსუ ფატის მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მონაკო მზად არის იჯარით გათვალისწინებული 11-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიუროს, 23 წლის ესპანელი შემტევი საბოლოო თანხმობის თქმას არ ჩქარობს. მიზეზი კატალონიურ კლუბში დაბრუნებისა და ჰანსი ფლიკის გეგმებში ადგილის დამკვიდრების იმედია.
ანსუ ფატისთვის საფრანგეთში გატარებული პერიოდი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა, რამაც მას ძველი თავდაჯერებულობა დაუბრუნა. 23 წლის ფეხბურთელმა მონაკოს მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების უმეტესობაში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, 12 გოლის გატანა მოახერხა.
მისმა სტაბილურმა პროგრესმა საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში მონაკოს ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ იგი გამოესყიდათ, თუმცა ფინანსური დეტალები და თავად მოთამაშის ამბიციები პროცესს აფერხებს.
მთავარი დაბრკოლება, რის გამოც მონაკო და ფატი პერსონალურ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. მიმდინარე იჯარის ფარგლებში მის ანაზღაურებას (თვეში დაახლოებით 250 ათას ევროს) მონაკო და ბარსელონა შუაზე იყოფდნენ, ფატის სრული ხელფასი კი ფრანგული კლუბის სახელფასო ჭერისთვის მიუწვდომელია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფატის, რომელსაც ბარსელონასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მიაჩნია, რომ მას ესპანურ კლუბში საკუთარი სიტყვის თქმა კვლავ შეუძლია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ბარსელონას მარკუს რაშფორდის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
თუ კლუბი ახალი ძვირადღირებული შემტევების შეძენას ვერ მოახერხებს, ლა მასიას აღზრდილის დაბრუნება მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად სრულიად რეალური ალტერნატივა გახდება.