პეპ გვარდიოლას განცხადებით იგი მანჩესტერ სიტის ტოვებს იმ უდიდესი რწმენით, რომ კლუბი იდეალურ პოზიციაშია მომავალში წარმატებების გასაგრძელებლად.
ლეგენდარულმა კატალონიელმა კვირას, კლუბში გატარებული 10 დიდებული წლის შემდეგ, თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მის უკანასკნელ შეხვედრაში სიტიმ საკუთარ მოედანზე ასტონ ვილასთან 1:2 წააგო, ეს სეზონი მაინც დასამახსოვრებელი გამოდგა - გუნდმა ასოციაციის თასი და კარაბაოს თასი მოიგო, პრემიერ ლიგაში კი მეორე ადგილი დაიკავა.
სიტი ახლა იწყებს მზადებას იმ ადამიანის გარეშე ცხოვრებისთვის, რომელმაც კლუბს 20 ტიტული მოუტანა, რაც უდავოდ ყველაზე დიდებული ეპოქა იყო კლუბის ისტორიაში.
თავის ბოლო პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბრისას, მწვრთნელმა და ფეხბურთის ლეგენდამ მტკიცედ გამოხატა თავისი რწმენა, რომ კლუბი მზად არის წარმატების ტალღის შესანარჩუნებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მემკვიდრეს სიტის ხელმძღვანელობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა ექნება:
ისინი ჯიუტები არიან და ზუსტად იციან, რისი გაკეთება სურთ. ამიტომ ვარ ასე დარწმუნებული სიტის მომავალ წარმატებაში. მათ მშვენივრად იციან, რომ კონკურენტები აქაც და ევროპაშიც ძალიან ძლიერები არიან. არცერთ ტიტულს, რომელსაც ვიგებთ, თავისთავად მოცემულობად არ მივიჩნევთ.
ჩვენ ფინალი მოვუგეთ არსენალს, კიდევ ერთი ფინალი ჩელსის. ვერ ვიტყვი, რომ სხვა კარგი გუნდები არ არსებობენ. ვებრძოლეთ ისეთ გუნდს, როგორიცაა ასტონ ვილა, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო და ტოპ კლუბია.
პეპმა ასევე განაცხადა:
ფანებს მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ ისიამოვნონ ყოველი ნაბიჯით და ყველაფრით, რასაც აკეთებენ. ნუ ელოდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას ბედნიერებისთვის, ისიამოვნეთ თავად პროცესით. ვიცი, რომ ფეხბურთელები ამას გააკეთებენ, ეს დანამდვილებით ვიცი.
როდესაც კლუბი მეტყვის, თუ ვინ არის ჩემი მემკვიდრე, მე მას დავურეკავ. მასაც ზუსტად იმას ვეტყვი, რაც გუშინ ვთქვი: იყავი ის, ვინც ხარ. კლუბი უპირობოდ დაგიჭერს მხარს, რაც ყველაზე დიდი კომპლიმენტია. იყავი შენი თავი, რთულ მომენტებში დაცული იქნები იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბში. იყავი თავისუფალი შენს იდეებში, მიდი იქ და ბევრი იმუშავე.
პეპმა აღნიშნა, რომ როდესაც სიტიში მივიდა, მისი მიზანი ყოველთვის კონკრეტული მატჩის მოგება იყო. კარაბაოს თასზე მესამე დივიზიონის გუნდთანაც ცდილობდა მოეგო ის თამაში, ენახა რა მოხდება და მერე ეარა წინ. მისი თქმით, სწორედ ეს იყო წარმატების გასაღები.