არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
22 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
1911 წელს, ინდოეთის ქალაქ კალკუტას (დღევანდელი კოლკატა) საფეხბურთო გუნდი „მოჰუნ ბაგანი“ პირველი მთლიანად ადგილობრივებით დაკომპლექტებული გუნდი გახდა, რომელმაც პლანეტის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო ჯილდო - ინდოეთის ფეხბურთის ასოციაციის ფარი (IFA Shield) მოიგო. ბრიტანეთის კოლონიალურ მმართველობაში მიღწეული ეს გამარჯვება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა უთვალავი ინდოელისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი.
მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ინდოელები ინტენსიურად ჯანყდებოდნენ ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ, 1911 წლისთვის კი დაძაბულობა კულმინაციას მიუახლოვდა. გაჩნდა ნაციონალისტური მოძრაობები და ბევრი იწერებოდა ინგლისური იმპერიალიზმის ბოროტებაზე, რომელსაც მკაცრი სტანდარტები ჰქონდა დაწესებული განსხვავებული ღირებულებების მქონე მიწაზე.
1893 წელს დაფუძნებული IFA Shield-იც სწორედ ასეთი იყო: ბრიტანული საფეხბურთო გათამაშება, რომელსაც ყოველწლიურად ბრიტანელები იგებდნენ, თუმცა 1911 წლის დასავლეთ ბენგალური კლუბის ტრიუმფი თავისუფლებისა და სიამაყის სიმბოლო გახდა, ეს ხომ ერთგვარი შურისძიება იყო ბრიტანული რაჯისთვის.
კოლონიალური მმართველობისადმი მზარდი უნდობლობისა და აშკარა სიძულვილის მიუხედავად, ინდოელებმა სწრაფად აითვისეს ფეხბურთი, რომელიც ინგლისელმა ჯარისკაცებმა მათ ქვეყანაში 1860-იანი წლების შუა პერიოდში შეიტანეს.
მართლაც, მე-19 საუკუნის მიწურულს ინდოელმა ნაციონალისტებმა ტყავის ბურთით თამაშს არამხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის მიმართეს, არამედ კოლონიალიზმთან ბრძოლის საშუალებადაც გამოიყენეს.
ფეხბურთის პოპულარიზაციამ გააჩინა იდეა, პირველი ინდური საფეხბურთო გუნდის შექმნაზე, რაც ბევრის აზრით, იმპერიალისტების წინააღმდეგ ეფექტური კონკურენციის პირველი ნაბიჯი გახდებოდა და 1889 წელს, დასავლეთ ბენგალის ქალაქ კალკუტაში არამარტო პირველი ინდური, პირველი აზიური საფეხბურთო კლუბი „მოჰუნ ბაგანი“ (ინდ: მოჰუნის ბაღი) დაარსდა, რომლის პირველი პრეზიდენტი ბენგალის ასამბლეის წევრი, ბუპენდრანატ ბოსი გახდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ არსებობის პირველი ათწლეულის განმავლობაში ნელ-ნელა გააფართოვა თავისი წევრების რაოდენობა და გავლენა ბენგალის რეგიონში. თვითდაფინანსებულმა და თვითორგანიზებულმა კალკუტელებმა პირველ წარმატებებს ადგილობრივ მოკრძალებულ ტურნირებში მიაღწიეს. ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე გუნდი უბრალო სოციალური კლუბი აღარ იყო, ის ინდური ნაციონალიზმისა და ანტიკოლონიალიზმის სახედ იქცა.
მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე კლუბმა თავისი პირველი პრესტიჟული ჯილდო, ბენგალის ქალაქ კუჩ ბეჰარის თასი ზედიზედ ორჯერ, 1904 და 1905 წლებში მოიგო და პარალელურად გამარჯვებები მოიპოვა კალკუტის ტრეიდსისა და გლედსტოუნის თასებზე, რითაც ინგლისელი ადმინისტრატორების ყურადღება მიიპყრო.
1906 წელს „მოჰუნ ბაგანი“ IFA-ს ფარის გათამაშებაში მიიწვიეს, რაც ინდური კლუბისთვის მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენდა, ინდური ფეხბურთის ისტორიაში კი გარდამტეხი მომენტი გახდა. ოკუპირებული ქვეყნის ამ პრესტიჟულ ტურნირში იქამდე ერთმანეთს მხოლოდ ინგლისური კლუბები, ძირითადად არმიის პოლკებისა და დანაყოფების გუნდები ეჯიბრებოდნენ.
ინდური კლუბი პირველი ხუთი წლის განმავლობაში მარცხს მარცხზე განიცდიდა, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ინდოელი ფეხბურთელები ვერასდროს შეძლებდნენ ინგლისელებთან ტოლ-სწორად თამაშს. მოვლენები „მოჰუნ ბაგანის“ საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა - კლუბს პრესტიჟული გათამაშებიდან მოხსნა დაემუქრა...
1911 წელს კალკუტელები მოსახლეობაში არსებულ ყველაზე პოპულარულ და თითქმის მითიურ მოთამაშეს, შიბდას ბადურის დაუკავშირდნენ, რომლის მეტსახელი „სრიალა კაცი“ გახლდათ. ბადური კაპიტნად დაინიშნა, „მოჰუნ ბაგანმა“ კი ფარის მოგება დაისახა მიზნად.
1911 წლის გათამაშების პირველ მატჩში „მოჰუნმა“ სენტ-ქსავიერის კოლეჯის გუნდი 3:0 დაამარცხა, რომელსაც მალევე მოყვა რეინჯერების საფეხბურთო კლუბთან გამარჯვება (2:1). ამან განწყობა რადიკალურად შეცვალა: ინდოელი გულშემატკივრები იწყებდნენ იმის გაცნობიერებას, რომ კალკუტელები კოლონიალური ტურნირის მეოთხედფინალში გასული უბრალო მონაწილეები აღარ იყვნენ.
როდესაც „მოჰუნ ბაგანმა“ მეოთხედფინალში შაშხანიანი ბრიგადის ძლიერი გუნდი 1:0 დაამარცხა, ცხადი გახდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.
კალკუტელთა შესანიშნავი სვლა ნახევარფინალში კინაღამ შეჩერდა: მიდლსექსის პირველი პოლკის გუნდთან ჯახი 1:1 დასრულდა. „მოჰუნს“ უჭირდა ინგლისელი არმიელების ფიზიკურობასა და ოსტატობასთან შეჭიდება, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გადათამაშება შედგა და ყველაფერი ინდოელებისთვის ზღაპრულად დასრულდა - 3:0 გამარჯვება და საოცნებო ფინალში გასვლა.
ადგილობრივი გაზეთები ფეხბურთელებს ინდოეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მებრძოლ რაზმად წარმოაჩენდნენ. ინგლისურ გუნდებთან მიღწეული მათი გამარჯვებები, ხალხის თვალში, დედა სამშობლოსადმი მიძღვნილი პოემა „ვანდე მატარამი“ იყო.
IFA-ს ფარის ტურნირის ფინალის დღე 1911 წლის 29 ივლისს შედგა. სტადიონ „კალკუტა მეიდანზე“ 60 000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა რათა ენახათ, თუ როგორ დაუპირისპირდებოდა ეროვნული ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული კლუბი აღმოსავლეთ იორკშირის პოლკის თერთმეტეულს.
კალკუტელი ფეხბურთელები მოედანზე ტრადიციულად ფეხშიშველები და შელახული სამოსით გამოვიდნენ, ინგლისელები კი სუფთა მაისურებით, შორტებითა და ახალი ფეხსაცმლებით იწონებდნენ თავს.
გუნდებმა გოლები პირველივე ტაიმში გაცვალეს: ინგლისელები საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, რასაც შიბდას ბადურის გამათანაბრებელი გოლი მოყვა. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ფეხშიშველმა კალკუტელებმაც და ბრიტანელმა არმიელებმაც არაერთგზის სცადეს წინ გასვლა, თუმცა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბადურიმ ბრწყინვალე პასით აბილას გოშს გაატანინა, მსაჯმაც მალევე საფინალო ჩასტვინა, კალკუტის სტადიონი კი სიხარულისგან აფეთქდა...
„მოჰუნ ბაგანმა შეძლო ის, რასაც ნაციონალისტურმა კონგრესმა აქამდე ვერ ქნა - დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ბრიტანელები ცხოვრების რაიმე სფეროში დაუმარცხებლები არიან.“ - წერდა ბრიტანული გაზეთი The Englishman.
ინდური კლუბის გამარჯვება ცხადია, საფეხბურთო ჯილდოს მოგებაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. ეს ინდური ეროვნულობის გამარჯვება იყო და დღემდე ყოველი წლის 29 ივლისი ამ ქვეყანაში „მოჰუნ ბაგანის“ დღედ აღინიშნება. ესა დღე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფეხბურთის გულშემატკივრები კაპიტან შიბდას ბადურის, მეკარე ჰირალალ მუკერჯისა და მისი ფეხშიშველი თანაგუნდელების გმირულ საქციელს იხსენებენ...
P.S. „მოჰუნ ბაგანი“ ბრიტანული რაჯის პერიოდში კიდევ სამჯერ გავიდა IFA-ს ფარის ფინალში, თუმცა სამჯერვე დამარცხდა: 1923, 1940 და 1945 წლებში. სამაგიეროდ, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 1947 წელს, პირველმა სწორედ „მოჰუნმა“ მოიგო იეს სტორიული ტურნირი და დღემდე ჯამში 21 ფარი აქვს აღმართული.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები