არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
შვედეთი, სოლნა, 1958 წელი. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის დაწყებიდან ოთხი წუთია გასული. საჯარიმოს ხაზთან მყოფი ნილს ლიდჰოლმი ჯერ ერთ მცველს ატყუებს იოლად, შემდეგ - მეორეს, ზუსტი დარტყმით ბრაზილიელ მეკარეს მარჯვენა კუთხეში უტანს გოლს და ანგარიშს ხსნის...
გოლიდან ხუთი ეიფორიული წუთის განმავლობაში შვედი გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობდნენ - ეს ხომ მათსავე სამშობლოში ხდებოდა. მოედნის გვერდით ხაზთან კი შვედეთის ნაკრების მწვრთნელი ჯორჯ რეინორი იდგა - პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალის ფინალში გუნდს გაუძღვა.
შვედეთის ნაკრების დიდებული სვლა 1958 წლის ფინალამდე ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. მისთვის წინა, 1950 წლის მსოფლიო პირველობაზე „ბლოგულტი“ მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ურუგვაისა და ბრაზილიას ჩამორჩა, ორი წლით ადრე ლონდონის 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, 1952 წლის ოლიმპიადაზე კი შანდორ კოჩიშისა და ფერენც პუშკაშის გასაოცარ უნგრეთთან დამარცხდა და ჰელსინკიში ბრინჯაოს მედლები ირგუნა.
ყველა ამ ხსენებულ ტურნირზე შვედეთს ჯორჯ რეინორი წვრთნიდა. კაცი, რომელსაც მართალია, მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, მაგრამ მაინც სამართლიანად ითვლება პირველ ყველაზე წარმატებულ ინგლისელ საერთაშორისო მწვრთნელად.
რეინორმა სამწვრთნელო კარიერა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ახლო აღმოსავლეთში დისლოცირების შემდეგ დაიწყო. ერაყის ქალაქ ბასრაში ყოფნისას ინგლისელს აცნობეს, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრს, ნური ალ-საიდს, ქვეყნის პირველი ეროვნული საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურდა, 36 წლის ჯორჯ რეინორი კი ის კაცი იქნებოდა, ვინც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა.
ინგლისელი სპეციალისტი ერაყის ეროვნული თერთმეტეულის გაწვრთნისთვის კვირაში 30 ფუნტის ეკვივალენტს იღებდა. ბაღდადიდან ჩამოსული სტუდენტებისა და არმიის ოფიცრებისგან შემდგარი გუნდი პოლონეთისა და ინგლისის სამხედრო ნაკრებების წინააღმდეგ თამაშობდა და მეზობელ ლიბანსა და სირიაში არაერთ ამხანაგურ მატჩს მართავდა.
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯორჯ რეინორი ინგლისში დაბრუნდა, ჯიბეში კი ალ-საიდის რეკომენდაციის წერილი ედო, რაც იმდროინდელ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მდივანთან, სტენლი როუზთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარა. როუზი და რეინორი ერთნაირად აზროვნებდნენ და ორივეს სჯეროდათ მწვრთნელის ძალის, რასაც ინგლისური ფეხბურთის მომავალი უნდა განესაზღვრა.
ინგლისური კარიერა რეინორისთვის სასიკეთოდ არ წარიმართა. იგი მცირე ხნით წვრთნიდა „ალდერშოტის“ სარეზერვო გუნდს, საიდანაც ერთ სეზონში გაათავისუფლეს. სტენლი როუზმა მას სკანდინავიური შესაძლებლობის შესახებ უამბო, რასაც რეინორი უმალ დათანხმდა.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი დამრიგებელი შვედეთის ნაკრებს ჯამში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წვრთნიდა, შვედეთის ნაკრების თავკაცის პოზიცია თავდაპირველად მას მხოლოდ დროებით შესთავაზეს.
1948 წლის ოლიმპიადა ჯორჯ რეინორისთვის პირველი რეალური ტრიუმფი იყო. ლონდონის ოლიმპიური თამაშები დამანგრეველი ომის დასრულების შემდეგ პირველი გლობალური საფეხბურთო ტურნირი იყო, რაც ხსენებულ ოქროს მედალს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენდა.
შვედეთის ნაკრებმა ოლიმპიური ოქროს გზაზე გამართულ ოთხ მატჩში 22 გოლი გაიტანა. „ბლოგულტმა“ ჯერ ავსტრია დაამარცხა (3:0), შემდეგ - სამხრეთ კორეა (12:0), ნახევარფინალში - პრინციპული მეტოქე დანია (4:2), ფინალში კი - იუგოსლავია (3:1).
„უემბლიზე“ გამართულ სანახაობრივ სპექტაკლს უსიამოვნო ამბებიც ახლდა თან, რის შესახებაც ჯორჯ რეინორმა მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა: იუგოსლავიის ნაკრების სტაფის წევრმა მას სახეში შეაფურთხა, ფინალურ მატჩს კი ჩაწყობილი უწოდა...
ტრიუმფანტი შვედეთის ნაკრების რიგებში სამი ძმა ნორდალი ირიცხებოდა: გუნარი, ბერტილი და კნუტი, ხოლო გუნდის მთავარი ხერხემალი ე.წ. გრე-ნო-ლი იყო: გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი და ნილს ლიდჰოლმი. ლონდონში 5-5 გოლით თავი გამოიჩინეს ჰენრი კარლსონმა და ჩელ როსენმაც.
იმავე ზაფხულის ბოლოს გუნარ ნორდალი „მილანს“ შეუერთდა. მას გრენი მიყვა, ერთი წლის შემდეგ კი ლიდჰოლმიც. მილანისტ ტრიოს იტალიაში ბერტილ და კნუტ ნორდალებიც გაყვნენ, შესაბამისად - „ატალანტასა“ და „რომაში“.
შვედების იტალიაში მასობრივმა ტრანსფერმა ცხადყო ფაქტი, რომ ჯორჯ რეინორი ნაკრებში სამუშაოს შესანიშნავად ართმევდა თავს, თუმცა აპენინებზე შვედების გადაცხოვრება ბევრისთვის მათი სანაკრებო კარიერის დასასრულიც გახდა.
ამ პერიოდში ჯორჯ რეინორი შვედეთის ეროვნული ნაკრების პარალელურად საკლუბო დონეზეც მუშაობდა. შვედეთის ფეხბურთის ასოციაციამ მას სთხოვა, დახმარებოდა შიდა ჩემპიონატის, ალსვენსკანის სტანდარტების გაუმჯობესებაში და ამ მიზნით, ინგლისელმა მწვრთნელმა თანამშრომლობა გიოტებორგში დაფუძნებულ „გაის“-თან დაიწყო.
შვედური კლუბის მენეჯმენტში რეინორის პირველი ნაბიჯები იმედგაცრუება გამოდგა და ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ იგი სტოკჰოლმის „აიკ“-ის დამრიგებელი გახდა. დედაქალაქურ კლუბთან ერთად მან ზედიზედ ორჯერ მოიგო შვედეთის თასი, რაც მის მწირ საკლუბო კარიერაში ერთადერთი წარმატებაა.
მოახლოვდა 1950 წლის მუნდიალი, რასაც შვედები დიდი ოპტიმიზმით ელოდნენ. ჯორჯ რეინორის 22-კაციანი შემადგენლობიდან კი 14 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც ორი წლით ადრე ოლიმპიადაზე საერთოდ არ ყოფილან. ბრაზილიაში არ მიემგზავრებოდა სახელოვანი გრე-ნო-ლიც. სამუნდიალე სიაში ასევე არ იყვნენ 22 წლის გუნარ ანდერსონი, რომელიც მოგვიანებით მარსელის „ოლიმპიკის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი კარლსონი - „ატლეტიკო მადრიდთან“ ერთად პრიმერა დივიზიონის 1949-50 წლების სეზონის ჩემპიონი.
ალსვენსკანის კლუბების ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „ბლოგულტმა“ მუნდიალის პირველ ეტაპზე იტალია დაამარცხა (3:2), პარაგვაის კი დაუზავდა (2:2), რის შემდეგაც საჩემპიონო ჯგუფში მასპინძელ ბრაზილიასთან (1:7) და ურუგვაისთან (2:3) დამარცხდა, ბოლო შეხვედრაში კი ესპანეთს სძლია (3:1) და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
იმ მუნდიალის კადრები ბუნდოვანია, მაგრამ შავ-თეთრ ბუნდოვანებაშიც კი ჩანს, როგორ მოძრაობდა მოედანზე ბურთიანად შვედეთის ეროვნული გუნდი იმ პერიოდის ფეხბურთისთვის უჩვეულო ეფექტურობით - რეინორის გუნდის თამაშში თეატრალურობა იგრძნობოდა...
ბრაზილიის სტადიონებზე თავი სამ-სამი გოლით გამოიჩინეს კარლ-ერიკ პალმერმა და სტიგ სუნდკვისტმა, ორ-ორი გოლის გატანა კი სუნე ანდერსონმა და ჰასე იეპსონმა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფეხბურთელმა, უფრო მეტიც - ათამდე მოთამაშემ მსოფლიო პირველობის შემდეგ ასევე უცხოეთს მიაშურეს სათამაშოდ, რეინორმა კი მომდევნო ორი წელი პარალელურად შვედეთის მეორე დივიზიონში „ოტვიდაბერგის“ მწვრთნელად მუშაობაში გაატარა.
1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე 1948 წლის ჩემპიონი გუნდიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ერიკ ნილსონი და კალე სვენსონი იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ჯორჯ რეინორმა ახალ გუნდთან ერთად მაინც მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
იორკშირელი მწვრთნელის სანაკრებო მიღწევებმა 1954 წელს მისი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებლად დანიშვნა განაპირობა, რის გამოც იგი შვედეთის ეროვნულ ნაკრებს შეელია და აურაცხელი შვედი გულშემატკივრის გულისტკენა გამოიწვია.
ჯორჯ რეინორის იტალიური თავგადასავალი უაღრესად ხანმოკლე და ამავდროულად უიღბლო გამოდგა. ტურინში ინგლისელმა მხოლოდ ოქტომბრამდე გაძლო, რის შემდეგაც „ლაციოს“ მიაშურა და რომაული კლუბი სერია A-ში მე-4 ადგილზე გაიყვანა.
ინგლისელი სპეციალისტი დარწმუნდა, რომ ფესვებგადგმული მექრთამეობითა და მაქინაციებით სავსე იტალია მისი ადგილი არ იყო...
შვედეთის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, პუტე კოკის ხელმძღვანელობით, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია და ოთხი შესარჩევი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო...
ჯორჯ რეინორი თავის სულიერ სახლში, შვედეთში, სადაც ჯერ კიდევ წარმოუდგენლად დიდი პატივისცემით სარგებლობდა, 1957 წლის მარტში, ინგლისის მესამე დივიზიონის „კოვენტრი სიტიში“ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა.
რეინორმა დიდი შრომა გასწია ახალი ეროვნული გუნდის შესაქმნელად. იგი ჯერ შვედეთის ფეხბურთის ასოციაციას შეუთანხმდა, იტალიაში მოთამაშე ლეგიონერები ნაკრებში აეყვანა, შემდეგ კი შვედური კლუბები დაარწმუნა, რომ თავიანთი ფეხბურთელები გამოეშვათ ნაკრებში. როდესაც ინგლისელმა საშინაო მუნდიალისთვის შემადგენლობა შეარჩია, გუნდის საშუალო ასაკი თითქმის 29 წელი იყო - ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი, რაც კი ოდესმე ამ ტურნირზე უნახავს.
შვედეთმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ გადალახა, რა დროსაც კურტ ჰამრინის დუბლით უნგრეთს 1952 წლის მარცხისთვის რევანშიც აუღო. „კურემ“ მეოთხედფინალშიც გაიტანა, როდესაც რეინორის გუნდმა საბჭოთა კავშირი 2:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ დასავლეთ გერმანიასთან შთამბეჭდავ გამარჯვებაში (3:1) წვლილი, ჰამრინთან და ლენარტ სკოგლუნდთან ერთად, 37 წლის გუნარ გრენმაც შეიტანა, თუმცა ჯორჯ რეინორის დამოძღვრილმა შვედებმა 17 წლის პელესა და ლეგენდარულ ბრაზილიას ფინალში ვერ აჯობეს...
ჯორჯ რეინორმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასულმა პირველმა ინგლისელმა მწვრთნელმა, შემდეგი სამსახური უსახელო გუნდ „სკეგნეს ტაუნში“ (1958-1960) იშოვა, სამწვრთნელო კარიერის უკანასკნელი კლუბი კი ასევე არაფრით გამორჩეული „დონკასტერ როვერსი“ იყო 1967-1968 წლებში, რის მერეც იგი პენსიაზე გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიაში აღმერთებდნენ, ჯორჯ რეინორი ინგლისურ ფეხბურთში მეორეხარისხოვან ფიგურას წარმოადგენდა, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არაა - შვედეთის ეროვნულ ნაკრებში მიღწეული შესანიშნავი წარმატებების ფონზე, რამდენიმე უსახელო ინგლისურ კლუბში, ჯორჯ რეინორმა ვერაფერი ღირებული შექმნა. იორკშირელი შვედეთის სამეფოში რაინდად აკურთხეს, თუმცა სამშობლო ინგლისში მისი ვინაობა ბევრმა არც კი იცოდა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები