დღეს, 15 ივნისს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორ გამორჩეულ მატჩს ვიხილავთ.
თბილისის დროით 20:00 საათზე საქმეში მიუნხენის ბაიერნი ჩაერთვება, რომელიც ახალი ზელანდიის გუნდს ოკლენ სიტის დაუპირისპირდება.
ევროასპარეზზე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ვენსან კომპანის გუნდი ხმაურის შექმნას ფიფას ახალ ტურნირზე შეეცდება და სხვადასხვა გამოცემების აზრით, მიუნხენელები ტურნირის მოგების მე-3 ან მე-4 მთავარი ფავორიტები არიან პსჟ-ს, ინტერის და მან სიტის შემდეგ.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისის დროით 23:00-ზე კი გაიმართება დღის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და მადრიდის ატლეტიკო დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პირველივე ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლუბის უახლოესი მიზანი მსოფლიო საკლუბოს მოგება იქნება და ამიტომ, მოტივაციის ნაკლებობას ლუის ენრიკეს ბიჭები არ განიცდიან.
პსჟ და ატლეტიკო ერთმანეთს განვლილ ჩემპიონთა ლიგაზე, ლიგის ფაზაში დაუპირისპირდნენ 2024 წლის ნოემბერში და მაშინ გამარჯვება პარკ დე პრენსზე სიმეონეს გუნდმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2:1 მოიპოვა.
ეს პსჟ-სა და ატლეტიკოს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.
თავის მხრივ, თავის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება ატლეტიკოს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში რა თქმა უნდა სასტარტო შემადგენლობაში ველოდებით.
20:00 ბაიერნი - ოკლენდ სიტი
23:00 პსჟ - ატლეტიკო მადრიდი