პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სტარტზე ოლდ ტრაფორდზე პირველი ტურის ცენტრალური მატჩი შედგება, სადაც ინგლისურ კლასიკაში მანჩესტერ იუნაიტედი არსენალს მიიღებს.
2024-25 წლები სეზონი მანჩესტერ იუნაიტედისთვის საშინელი გამოდგა, გუნდმა პრემიერ ლიგის ეპოქაში ყველაზე დაბალი პოზიცია (მე-15 ადგილი) დაიკავა, უეფას ევროპა ლიგის ფინალში კი ტოტენჰემთან დამარცხდა.
მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმს, რომელიც ნოემბერში დაინიშნა პირველი დიდი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, რაც 200 მილიონი ფუნტის დახარჯვაში აისახა - გუნდმა მატეუშ კუნია, ბრაიან მბეუმო და ბენჟამინ შეშკო დაიმატა.
სეზონის კარგი დასაწყისი ამორიმისთვის მნიშვნელოვანი იქნება, Opta-ს მიხედვით, კი იუნაიტედზე რთული საწყისი 5 მატჩი პრემიერ ლიგაში არავის აქვს.
არსენალი (სახლი), ფულემი (გასვლა), ბარნლი (სახლი), მანჩესტერ სიტი (გასვლა), ჩელსი (სახლი) - ასეთია წითელი ეშმაკების კალენდარი მომდევნო 5 ტურში.
იუნაიტედის ეს რთული სვლა არსენალთან მატჩით იწყება. მეთოფეები შეეცდებიან, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის 20-წლიანი ლოდინი დაასრულონ და ზედიზედ 3-ჯერ მე-2 ადგილზე გასვლის შემდეგ ჩემპიონობა მოიპოვონ.
ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ ლონდონელებს ამისთვის ნამდვილი თავდამსხმელი სჭირდებოდათ, ვიქტორ გიოკერესის ტრანსფერმა კი წესით ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს.
წლევანდელი სეზონი არსენალისთვის უმაღლეს დივიზიონში მე-100 იქნება. პირველ ტურში ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ კი არტეტას გუნდი ოლდ ტრაფორდზე წარმატების მიღწევასაც შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი - ონანა; იორო, დე ლიხტი, შოუ; დიალო, კაზემირო, უგარტე, დორგუ; მბეუმო, ფერნანდეში, კუნია
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, გაბრიელი, ლუის-სკელი; ოდეგორი, სუბიმენდი, რაისი; საკა, გიოკერესი, მარტინელი
მატჩი 19:30 საათზე დაიწყება.