პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო - ეროვნული ნაკრების მაისურზე 7 ნომერს განსხვავებული დიზაინი ექნება.
ახალ დიზაინს „7 com traço“ ეწოდება და ის რონალდუს მიერ პორტუგალიური ფეხბურთისთვის დატოვებული მემკვიდრეობის სიმბოლო იქნება.
ფედერაციის განცხადებით, ცვლილების მიზანი იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის უკვდავყოფაა, რომელიც 7 ნომერმა კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში შეიძინა.
„ეს კიდევ ერთი გზაა, რომ სამუდამოდ შევინარჩუნოთ ამ განსაკუთრებული ნომრის მნიშვნელობა და პატივი მივაგოთ იმ მემკვიდრეობას, რომელსაც ის ჩვენთვის წარმოადგენს.
არსებობს ისტორიები, მოგონებები, მიღწევები და ემოციები, რომლებიც სამუდამოდ იქნება დაკავშირებული კრიშტიანუ რონალდუსთან.
დღეიდან ნაკრების მაისურზე განსხვავებული 7 ნომერი გვექნება, თუმცა იგივე არსითა და სიამაყით. ძველ დიზაინს კი იმ ისტორიის უკვდავსაყოფად შევინარჩუნებთ, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.
მადლობა, კრიშტიანუ!“ - ნათქვამია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ამრიგად, პორტუგალიის ნაკრებში 7 ნომერი კვლავ იქნება გამოყენებული, თუმცა მისი ძველი დიზაინი რონალდუს ეპოქის სიმბოლოდ დარჩება.
