პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ გუნდში საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ეს ბუნებრივი პროცესია. გამიმართლა, რომ კრიშტიანუსთან ერთად ნაკრებში 12 წელი ვითამაშე. ის ყოველთვის ჩვენი კაპიტანი იყო. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმავე ერთგულების, შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის შენარჩუნებაში დახმარება ჩვენ, გამოცდილ მოთამაშეებს გვევალება.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე დიდი ხანია ვთამაშობ და კარგად ვიცი, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. ამ პასუხისმგებლობას დიდი სიამაყით ვიღებ.
რა თქმა უნდა, სევდიანი მომენტია. კრიშტიანუმ ნაკრებში 23 წელი გაატარა, მე კი აქ 12 წელია ვარ და პორტუგალიის ნაკრები მის გარეშე არც კი მახსოვს.
ყველასთვის ახალი ეტაპი იწყება. ვიცოდით, რომ ეს დღე ოდესღაც დადგებოდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად გასახდელის გაზიარება. ახლა კი იმავე გზით უნდა გავაგრძელოთ სვლა, რომელმაც ბოლო წლებში წარმატებები მოგვიტანა.
გაიზრდება თუ არა ზეწოლა ლიდერებზე? ყურადღების თვალსაზრისით, შესაძლოა. ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კრიშტიანუ. სტადიონზე გულშემატკივრების დიდი ნაწილი სწორედ მის სანახავად მოდიოდა, ბევრი კი მხოლოდ მის გამო ესწრებოდა მატჩებს.
ახლა ეს, ალბათ, შეიცვლება. თუმცა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ყურადღებას, ზეწოლასა და პასუხისმგებლობას მიჩვეულები არიან. ამიტომ ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ბერნარდუ სილვამ.