კრიშტიანუ რონალდუს მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრები ემზადება, რომ ლეგენდარულ კაპიტანს უპრეცედენტო და ისტორიული ფორმით მიაგოს პატივი.
ერთა ლიგაზე, დანიასთან გასამართი მატჩის წინ, ესტადიო მუნისიპალ დე ბრაგაზე გამოსვლისას, პორტუგალიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მოედანზე ლეგენდარული 7-ნომრიანი მაისურით გავა. გამოცემა A Bola-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პედრუ პროენსამ, მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა და გუნდის ლიდერებმა (ბერნარდუ სილვა, რუბენ დიაში, ბრუნუ ფერნანდეში) ერთობლივად მიიღეს, რათა 2003 წელს დაწყებული დიდებული ეპოქის დასასრული სათანადოდ აღენიშნათ.
გარდა ამისა, მატჩის მე-7 წუთზე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები რონალდუს საპატივცემულოდ ფეხზე წამოდგებიან და ერთობლივ ოვაციებს გამართავენ. აღსანიშნავია, რომ უეფამ ამ სპეციალური ღონისძიებების ჩასატარებლად ოფიციალური ნებართვა უკვე გასცა, რაც ოფიციალურ მატჩებში უიშვიათესი მოვლენაა.
პატივისცემის ნიშნად ცვლილებებია სიდადე დუ ფუტებოლის საწვრთნელ ბაზაზეც. ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის ოთახი, სადაც კრიშტიანუ წლების განმავლობაში რჩებოდა, ცარიელი დატოვეს. ეს სიმბოლური ჟესტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამხელა დანაკლისს განიცდის გუნდი და რომ მისი სტანდარტები ნაკრების იდენტობის განუყოფელ ნაწილად რჩება.
ამ ყველაფრის ფონზე კი, პორტუგალიას ჟორჟე ჟეზუშის ხელმძღვანელობით ურთულეს მატჩში უწევს გამოსვლა. ახლა შეტევაში ლიდერობა სწორედ ფერნანდეშსა და სილვას მოუწევთ, რათა ემოციური დატვირთვის მიუხედავად, დანიასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვონ.