თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ლივერპულის ვარსკვლავის, დომინიკ სობოსლაის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი გასცა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებს თუ არა ის მოედანზე გასვლას, როსიმ დაადასტურა, რომ სობოსლაი სათამაშოდ მზად არის.
უნდა აღინიშნოს, რომ დომინიკი ბუდაპეშტსა და თბილისში გამართულ ვარჯიშებზე მუხლზე სპეციალური დამცავი სახვევით გამოჩნდა. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ფიზიკურად 100%-ით იდეალურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ თამაშს მაინც შეძლებს.
რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, როსიმ აღნიშნა, რომ მილოშ კერკეზი და ბენდეგუზ ბოლა სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში არიან. სამაგიეროდ, მიკროტრავმების გამო უნგრელებს დანაკლისი მაინც ექნებათ - დამირ რეძიჩს და დანიელ ლუკაჩს არ უვარჯიშიათ და, დიდი ალბათობით, მომავალ დაპირისპირებას გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრებისთვის 14 ნოემბრის თამაში უმნიშვნელოვანესია.