უნგრეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ატილა შალაიმ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"ცხადია, ვიცით, რომ კვარა ტრავმირებულია და ეს მოცემულობას ცვლის, მაგრამ ნათელია ისიც, რომ საქართველოს ჰყავს ბევრი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ.
რთულ შეხვედრას ველოდებით. ბევრი ვიშრომეთ, ბევრი რამ ჩავდეთ მომზადებაში, გვაქვს ჩვენი მკაფიო მიზანი და იმედია, ხვალ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ჩვენი უმთავრესი ამოცანა ერთა ლიგის A ლიგაში დაბრუნებაა. ფრეზე არასდროს ვთამაშობთ და ამას ჩემ გვერდით მჯდომი მწვრთნელიც დაგიდასტურებთ, რადგან ის ყველა თამაშის წინ მოსაგებად გვამზადებს. მათემატიკურად გასაგებია, რომ ჯგუფში პოზიციების გასამყარებლად 4 ქულაც კარგი შედეგი იქნება, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ", - აღნიშნა შალაიმ.
28 წლის მცველი, რომელიც ამჟამად პოლონური პოგონის წევრია, უნგრეთის ეროვნულ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და ხვალ საიუბილეო, 50-ე შეხვედრას ჩაატარებს (2 გოლი აქვს გატანილი).
4 ტურის შედეგებით, ჯგუფს 8-ქულიანი ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთს 7 ქულა აქვს, უკრაინას - 4, ხოლო საქართველოს - 2.
საქართველო უნგრეთთან ისტორიაში მეოთხე ურთიერთშეხვედრას ჩაატარებს: 2-ჯერ უნგრელებმა მოიგეს, ერთხელ - ჯვაროსნებმა (2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე, თბილისში).
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათიდან გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. 13 ნოემბრის 17:00 საათის მონაცემებით, 16 500-მდე ბილეთია გაყიდული. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
"იმედია, კვარა მალე დაბრუნდება" - უნგრელთა მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია