13 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც იბრძოდა და თავდამსხმელთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
ქართველმა შემტევმა ხმების 14.4% დააგროვა და უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, უსმან დემბელე და რაფინია. მსოფლიო ნაკრებში ფორვარდებისთვის სულ 4 ადგილი იყო გამოყოფილი, რომელიც კილიან მბაპემ (46.0%), ლამინ იამალმა (37.4%), ლიონელ მესიმ (29.5%) და ერლინგ ჰოლანდმა (28.4%) გაინაწილეს.
გამოკითხვაში დაფიქსირდა ისტორიული მოვლენაც - ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მიმდინარე წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული მსოფლიო ნაკრებში ვერ მოხვდა. ჰარი კეინმა ხმების 27.6%-ით მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო მე-6 პოზიციაზე 15.6%-ით მაიკლ ოლისე გავიდა.
ლიონელ მესი 2023 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა წლის სიმბოლურ ნაკრებში და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, არგენტინელი ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში უკვე მე-18-ედ მოხვდა. მესი სიმბოლურ ნაკრებში პირველად 2007 წელს შეიყვანეს.
ლამინ იამალი, რომელიც გასული წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20 წლის ასაკამდე FIFPRO-ს წლის საუკეთესო თერთმეტეულში 2-ჯერ მოხვედრა შეძლო.
იამალი შეუერთდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს, დავიდ რაიას, პაუ კუბარსისა და როდრის. მათი წყალობით ესპანელი ფეხბურთელების FIFPRO-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის საერთო რაოდენობა რეკორდულ 53-მდე გაიზარდა.
მეკარე - დავიდ რაია (არსენალი, ესპანეთი)
მცველები - პაუ კუბარსი (ბარსელონა, ესპანეთი), აშრაფ ჰაკიმი (პარი სენ-ჟერმენი, მაროკო), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, პორტუგალია)
ნახევარმცველები - ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი), როდრი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა, ესპანეთი), ვიტინია (პარი სენ-ჟერმენი, პორტუგალია)
თავდამსხმელები - ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
პროფესიონალმა ფეხბურთელებმა საკუთარი არჩევანი FIFPRO-სა და მასთან დაკავშირებული ფეხბურთელთა პროფკავშირების მიერ შექმნილი დაცული ციფრული პლატფორმის საშუალებით დააფიქსირეს.
მამაკაცთა სიმბოლური ნაკრების შერჩევისას გათვალისწინებული იყო ფეხბურთელების გამოსვლა 2025 წლის 4 აგვისტოდან 2026 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
კანდიდატს აღნიშნულ პერიოდში მინიმუმ 30 ოფიციალური შეხვედრა უნდა ჰქონოდა ჩატარებული.
თითოეული მონაწილე 4 პოზიციაზე - მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი - 3-3 საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევდა.
სიმბოლურ ნაკრებში ავტომატურად ხვდებოდნენ ყველაზე მეტი ხმის მქონე მეკარე, 3 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი.
მე-11 ადგილი კი იმ დარჩენილ მოედნის მოთამაშეს ერგებოდა, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული.
ყველაზე მეტი ხმა არსენალის მეკარე დავიდ რაიამ მიიღო - 10 278, რაც გამოკითხვის მონაწილეთა 52%-ს შეადგენს.
მოედნის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგი კილიან მბაპემ დააფიქსირა. ფრანგმა თავდამსხმელმა 9 105 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46%-ია.
2026 წელს FIFPRO-ს მამაკაცთა სიმბოლურ ნაკრებში 2 დებიუტანტი მოხვდა - დავიდ რაია და პაუ კუბარსი.
რეკორდი ესპანეთს ეკუთვნის. ქვეყნის 17 სხვადასხვა ფეხბურთელი FIFPRO-ს მამაკაცთა წლის სიმბოლურ ნაკრებში ჯამში 53-ჯერ მოხვდა.
2026 წელს ამ სიას პირველად შეუერთდნენ დავიდ რაია და პაუ კუბარსი, რომლებმაც ესპანეთის რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.
How 19,806 professional men’s footballers voted for the 2026 FIFPRO Men’s #World11 📊 https://t.co/Exd0tK0V4g
— FIFPRO (@FIFPRO) November 9, 2026

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები