იტალიური ფროზინონეს ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე სეზონის ბრწყინვალე სტარტით გამოირჩევა და იტალიურ მედიაში იგი მთავარი განხილვის საგანია.
სეზონის დასაწყისში მან იტალიის თასზე იუვე სტაბიას წინააღმდეგ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, რის შემდეგაც სერია ა-ს მატჩებშიც სტაბილურად დაიწყო შედეგიანი მოქმედებები. ფიორენტინასთან გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ, კვერნაძემ ვენეციასა და ჯენოას კარშიც გაიტანა, თანაც, ორივე გოლი მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ჯენოასთან გამართულ შეხვედრაში ბრწყინვალე თამაშის გამო ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მატჩის შემდეგ ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ კვერნაძის პოტენციალზე ისაუბრა:
მას განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. სამწვრთნელო შტაბი მასთან მნიშვნელოვან სამუშაოს ეწევა. მომატების დიდი რესურსი აქვს, თუმცა კომპლიმენტები მთელ გუნდს უნდა ვუთხრა.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძემ იტალიურ კლუბში უკვე 85 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 4 მილიონ ევროს შეადგენს.