ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას, მიშელ პლატინის, 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ ჰკითხეს.
მან აღნიშნა, რომ მცირე ფსონს პსჟ-ის 7 ნომერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, გააკეთებდა.
ოქროს ბურთზე მცირე ფსონს კვარაზე გავაკეთებდი.
,,კვარაცხელია? დიახ, მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო“, - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Canal Football Club-ის ეთერში.
„ჩემპიონთა ლიგა უამრავ მატჩს მოიცავს, თითქმის ისეა, როგორც ჩემპიონატი. მსოფლიო ჩემპიონატის წელს შესაძლებელია ოქროს ბურთი გადასცე ფეხბურთელს, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია?
სწორედ ამიტომ ვდებ მასზე ცოტაოდენ ფულს. არ მითქვამს, რომ ის ჩემი ფავორიტია, უბრალოდ, მცირე ფსონს ვაკეთებ. 4 თუ 5 ფეხბურთელია, რომლებიც ამ ჯილდოს იმსახურებენ.
კილიანს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, ის ყველგან საუკეთესო ბომბარდირი იყო. სამწუხაროდ, ვერაფერი მოიგო. შემდეგ კი არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ტიტულები მოიგეს.“
მიშელ პლატინი ოქროს ბურთის 3-გზის გამარჯვებულია. მან პრიზი 1983, 1984 და 1985 წლებში დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ფავორიტად ხვიჩა კვარაცხელია ტონი კროოსმაც დაასახელა.