არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნაევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ არსენალის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურ გვერდთან საფრანგეთში თავის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა.
ხვიჩა, პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი... როგორ ეწყობი აქაურობას?
"ვფიქრობ, გასათვალისწინებელი არის, რომ ზამთრის ტრანსფერი მწვრთნელისთვისაც რთულია, რადგან გუნდს სეზონის შუაში უერთდები. შეგუების პერიოდი მოკლეა, მაგრამ ვფიქრობ, აქაურობას ძალიან კარგად შევეწყვე პრეზიდენტის, სტაფის, მწვრთნელების, კლუბისა და რა თქმა უნდა, მოთამაშეების დამსახურებით, რომლებიც თბილად დამხვდნენ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა მეხმარება, რომ მოედანზე უკეთ გამოვიყურებოდე."
გულშემატკივრების გულში უკვე გაქვს შენი ადგილი...
"ის ფაქტი, რომ მათ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს და თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, ნამდვილად დამეხმარა მოედანზე ჩემი ადგილი მეპოვა და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. პირველი მომენტიდანვე დავინახე ძლიერი მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან. შემდეგ კი როცა მოედანზე ფეხი შევდგი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი.
ეს ყველაფერი ამ კლუბის დამსახურებაა: ისინი ისე დამხვდნენ, რომ თავდაჯერება მომეცა ჩემი, როგორც მოთამაშის ღირებულება მეჩვენებინა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ თავი ტოპ დონის ფეხბურთელად ვიგრძენი, რომელიც დიდ კლუბს შეუერთდა, ეს კი მოთამაშიშთვის ბევრს ნიშნავს. კლუბი თავს როგორ გაგრძნობინებს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს."
ასევე შანსი გქონდა პსჟ-ს კამპუსი გენახა, რას ფიქრობ?
"საწუწუნო ნამდვილად არაფერი არაა: აქ ყველაფერი უმაღლესი დონისაა. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს ინდივიდუალურად ვივარჯიშოთ და სწრაფად აღვიდგინოთ ძალები. პსჟ-ს კამპუსი სრულად არის აღჭურვილი. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით როცა ამდენ მატჩს ვთამაშობთ 3 დღის დაშორებით.
ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ სავარჯიშო ცენტრში და ეს დიდ დახმარებას გვიწევს. უნდა აღვნიშნოთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სამედიცინო გუნდიც: ისინი ყოველთვის აქ არიან ჩვენთვის. დასვენება გჭირდება თუ პერსონალური სავარჯიშო სესია, ამ ადგილს ყველაფერი აქვს, რაც გჭირდება.
ერთადერთი რამ რაც უნდა გააკეთო, ფეხბურთსა და ვარჯიშზე იყო ფოკუსირებული, კლუბი კი ყველაფერ დანარჩენს მიხედავს. ასეთი მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის. და როცა აკადემიის ფეხბურთელებს უყურებ, რა საშუალებები და მხარდაჭერაც მათ აქვთ, აშკარაა, რომ კლუბი უდიდეს როლს თამაშობს მათ განვითარებაში."
რას ფიქრობ ქალაქზე?
"კარგად არის ცნობილი, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ამ კლუბში თამაში. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურადაა: ვცხოვრობ დიდებულ ქალაქში და დიდებული კლუბის ნაწილი ვარ.
ვფიქრობ, ქალაქი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახიც შენთან ერთად ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი კომფორტული და მშვიდი იყოს. მე და ჩემი ოჯახი თავს სახლში ვგრძნობთ, ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს ამ გუნდის ნაწილი ვარ და მინდა, ჩემს ყველა გუნდელს მადლობა ვუთხრა ასეთი დახვედრისთვის, მათ კლუბსა და ადგილობრივ ცხოვრებაზე ბევრი რამ მითხრეს."
ლუის ენრიკესთან შენს ურთიერთობაზე რომ გვითხრა?
"მწვრთნელის როლი უაღრესად მნიშნველოვანია ფეხბურთელის კარიერაში. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა მის შესახებ მისი ხასიათი და ის მიდგომაა, რითიც მოთამაშეებთან გამოირჩევა. ის თავს ისე გაგრძნობინებს, რომ მოედანზეც და მის მიღმაც ყველაფერი უნდა გაიღო კლუბისთვის და ყველა გულშემატკივრისთვის. ის პატივისცემით გექცევა.
ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორი მწვრთნელია ის, მაგრამ პირადად მისი ადამიანობაა, რამაც ყველაზე მეტად შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, როგორც ესაუბრება მოთამაშეებს და გვიყვება ამბებს ფეხბურთზე. ძალიან მიხარია, რომ ამ დიდებულ კლუბში მასთან ერთად ვარ."
ახლახანს საფრანგეთის ჩემპიონი გახდი... როგორი გრძნობაა?
"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ტიტულის მოგებით. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. გვაქვს შანსი, რომ კიდევ ორი ტიტული მოვიგოთ და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ მოედანზე ამის მისაღწევად.
ბევრს ვმუშაობთ, რომ მოვიგოთ, რასაც ვიმსახურებთ. ამაში ყველაფერს ვდებთ. კვლავ ფოკუსირებული ვართ, რადგან ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ."
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სამშაბათს, ლონდონში უბრუნდები. რას ნიშნავს ეს ტურნირი შენთვის?
"ჩემი აზრით, ეს უდიდესი საფეხბურთო ტურნრირია. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა აქ თამაში და ყველას უნდა მისი მოგება, მაგრამ ეს საოცრად რთულია. ამ ეტაპზე მოხვედრა ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. სახელი ყველაფერს ამბობს: ჩემპიონთა ლიგა.
ეს ტურნირი ჩემპიონებისთვისაა და ყველა კლუბს აქვს აქ მოგების შესაძლებლობა და უნარი. ჩვენს თამაშზე უნდა დავრჩეთ ფოკუსირებული და სრული კონცენტრაცია გვქონდეს ნებისმიერ მატჩსა და მომენტზე."
შენი გოლი ასტონ ვილასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი იყო...
"როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უმიზნებ და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გოლი გაგაქვს, სახლში შენი გულშემტკივრების წინაშე... ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ემოციური გოლი იყოს, რაც ოდესმე გამიტანია. ძალიან გახარებული ვიყავი. იმედია, გავაგრძელებ უფრო ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლების გატანას."
ლივერპულისა და ასტონ ვილას შემდეგ კიდევ ერთ ინგლისურ კლუბთან დაპირისპირების დროა!
"ერთი მხრივ ეს დიდებულია, მაგრამ მეორე მხრივ არც ისე, რადგან ისინი სწავლობენ ჩვენს მატჩებს, თუმცა პირიქითაც სწორია. ჩვენც ვაკვირდებით მათ მატჩებს ახლოდან. ნამდვილად პოზიტიურია, რომ ახლა ინგლისური ფეხბურთი უკეთ გვესმის, განსაკუთრებით ისეთ გუნდებთან თამაშის შემდეგ, როგორიც ლივერპული და ასტონ ვილა არიან.
არ იყო ადვილი მათთან მოედანზე შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავიღეთ. ვფიქრობ, ამას ჩვენზე პოზიტიური გავლენა ექნება და არსენალის წინააღმდეგ დაგვეხმარება."
არსენალისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი 29 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები