თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კვიპროსული გამოცემა Gipedo-ს ცნობით, ეს ამბავი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ბოლო დღეებში ხელმძღვანელობის მხრიდან შედეგების მიმართ უკმაყოფილებაზე აქტიურად იწერებოდა.
ისინი განსაკუთრებულად წუხდნენ იმაზე, რომ კლუბი თავისზე დაბალი კლასის მეტოქეებთან სათანადო შედეგების ჩვენებას ვერ ახერხებდა.
ქეცბაიას ფეხბურთელებმა ბოლო 8 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს, 14-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილამდე დაეშვნენ და საჩემპიონო პლეი-ოფში გამსვლელ მე-6 პოზიციასთან 16-ქულიანი სხვაობა აქვთ.
თემურ ქეცბაია ანორთოსისს სამწვრთნელო კარიერაში მესამედ წვრთნიდა - 2004-09 წლებში ყველაზე წარმატებული იყო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რაც საერთოდ კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, 2019-22 წლებში ქვეყნის თასი მოაგებინა, მესამე ვადა კი ყველაზე მოკლე აღმოჩნდა - არასრული 5 თვე.