-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Marca-ს ცნობით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი და ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდს მწვრთნელის იმ კომენტარების შემდეგ ტოვებს, რომლებიც ნორვეგიასთან და დანიასთან მატჩებში მის არყოფნას შეეხებოდა.
UEFA-ს ერთა ლიგის სანაკრებო პაუზის ნაადრევად დატოვება (როდესაც გუნდს ჯერ კიდევ 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი) შესაძლოა, CR7-ის პორტუგალიის ნაკრებში ეპოქის დასასრულის ნიშანი გახდეს.
ვითარება სულ რამდენიმე წუთში დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჟორჟე ჟეზუშმა, პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა და რონალდუს ყოფილმა დამრიგებელმა ალ-ნასრში (სადაც მათ ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგეს), განაცხადა, რომ CR7-სთან არანაირი პრობლემა არ არსებობდა.
უფრო მეტიც, რონალდუს ხელი ჰქონდა მოწერილი განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც დღეს კოპენჰაგენში უნდა ევარჯიშა:
„გუშინ მას ვარჯიშზე უარი არ უთქვამს. ფრანსიშკუ კონსეისაუს ტრავმის გამო არ უვარჯიშია, არც ფელიქსს, რადგან მისთვის დატვირთვის შემსუბუქებას ვცდილობდით, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ დარბაზში მუშაობდა. დღეს ის ივარჯიშებს. უკვე მე-4 დღეა, ამიტომ ივარჯიშებს.“
თუმცა ასე არ მოხდა. კაპიტანმა „პარკენი“ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი შავი ფურგონით დატოვა.
ჟორჟე ჟეზუშმა ასევე დაადასტურა, რომ სამშაბათ საღამოს კრიშტიანუ რონალდუს შეხვდა, თუმცა აღნიშნა, რომ ვახშმამდე ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო.
ამასთან, მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ ავტორიტეტს, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა:
„მე შემიძლია, რასაც მინდა, იმას დავპირდე. მე ვარ მწვრთნელი. მე ვარ მწვრთნელი და ფეხბურთელს ვუთხარი, რომ არ ითამაშებდა. სათადარიგოთა სკამზე დაგსვამ.
თუ 30 წუთით დამჭირდები, ითამაშებ, თუ არა - არ ითამაშებ. ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მაიძულებს გადაწყვეტილების შეცვლას.
ვერც ის და ვერც სხვა ვინმე ფეხბურთში. ვერც ერთი პრეზიდენტი. არასდროს, აბსოლუტურად ვერავინ.“
ყველაფერი რამდენიმე დღის წინ, ოსლოში დაიწყო. კონკრეტულად კი, ერთა ლიგის მატჩში, რომელშიც პორტუგალიამ ნორვეგია 2:1 დაამარცხა.
კრიშტიანუმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ხოლო ჟორჟე ჟეზუშმა ძირითად შემადგენლობაში ჟოაუ ფელიქსი და გონსალუ რამუში დააყენა.
გადაწყვეტილებამ გაამართლა, ორივე მათგანმა გაიტანა და გუნდმა გაიმარჯვა... თუმცა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კრიზისი.
პორტუგალიის კაპიტანი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მეორე ტაიმში ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხურდებოდა, თუმცა მოედანზე მაინც არ შესულა.
გამარჯვების შემდეგ CR7 პირდაპირ გასახდელში წავიდა, ხოლო მომდევნო დღეს სხვა სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
რამდენიმე საათის წინ ჟორჟე ჟეზუშმა ეს მადეირელი ფეხბურთელისთვის „ჩვეულებრივ“ მოვლენად შეაფასა.
თუმცა პორტუგალიაში განგაშის მიზეზი გეგმების მოულოდნელი ცვლილება და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პედრუ პროენსას კოპენჰაგენში გამგზავრება გახდა.
მისი მიზანი პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუსა და მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან შეხვედრა იყო. შეხვედრა ოთხშაბათ დილით გაიმართა.
,,როცა დრო მოვა, სიმართლეს მოვყვები" - კრიშტიანუ რონალდუს განცხადება

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები