ისაკ ჰაჯარის მონაკოს გრან-პრის პოდიუმი აღდგა.
საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ (ICA) მაკლარენისა და რედ ბულის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება.
ორივე გუნდმა FIA-ს სტიუარდების გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ივნისში გამართულ მონაკოს გრან პრიზე პიერ გასლისთვის დაკისრებული ორი 5-წამიანი ჯარიმა საბოლოო კლასიფიკაციიდან გაუქმდა.
გასლიმ რბოლა ტრასაზე მე-3 ადგილზე დაასრულა, თუმცა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ პიტ-ლეინში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ორი ჯარიმა მიიღო, რის შედეგადაც მე-3 ადგილზე ისაკ ჰაჯარი დაწინაურდა.
ამის შემდეგ ალპინმა სტიუარდებს ჯარიმების გადახედვის მოთხოვნით მიმართა. გუნდმა წარადგინა „მნიშვნელოვანი და საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოება, რომელიც თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღების დროს სტიუარდებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო“.
შედეგად, სტიუარდებმა გასლის ორივე დროითი ჯარიმა გააუქმეს და ფრანგი პილოტი კვლავ მე-3 ადგილზე დაბრუნდა.
რედ ბულმა და მაკლარენმა ეს გადაწყვეტილება 16 ივნისს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 25 აგვისტოს გამართული მოსმენის შემდეგ სასამართლომ გუნდების საჩივრები დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ გასლისთვის დაკისრებული ორი 5-წამიანი ჯარიმა მონაკოს გრან პრის საბოლოო კლასიფიკაციაში აღდგეს.
შესაბამისად, პიერ გასლი მე-3 ადგილს კარგავს, ხოლო ისაკ ჰაჯარი მონაკოს გრან პრის პოდიუმზე ბრუნდება.
ალპინი კვლავ მიიჩნევს, რომ გასლის პიტ-ლეინში სიჩქარე არ გადაუჭარბებია, თუმცა გუნდი საერთაშორისო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებს.