-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანელმა კიმი ანტონელის აჯობა, მასპინძელთა ფავორიტი მაქს ვერსტაპენი კი მძიმე ავარიაში მოყვა, რის გამოც რბოლა წითელი დროშებით შეჩერდა.
სტარტზე პოულ პოზიციიდან დაძრულმა ნორისმა ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა სულ ერთი წრის შემდეგ რბოლა შეჩერდა, ვერსტაპენმა თავისი რედ ბულის უკანა ნაწილის კონტროლი დაკარგა და კედელს დიდი სიჩქარით შეეჯახა. საბედნიეროდ, ნიდერლანდელმა მალევე განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
რბოლის განახლების შემდეგ ანტონელიმ შესანიშნავი სტარტი აიღო, ნორისს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა, რის შემდეგაც უპირატესობის გაზრდა დაიწყო.
თუმცა, როდესაც რბოლა ბოლო მესამედში შევიდა, ნორისმა ჩამორჩენა შეამცირა და მერსედესის პილოტთან ბრძოლაში ლიდერობა დაიბრუნა.
რბოლის მიწურულს ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის (VSC) რეჟიმი გამოცხადდა, რადგან ესტებან ოკონის ჰაასი ტრასაზე გაჩერდა.
ამის შედეგად რამდენიმე პილოტი, მათ შორის ანტონელიც, პიტ-სტოპზე შევიდა. ამან ფინიშამდე საინტერესო ბრძოლისთვის შექმნა პირობები, რადგან მის წინ მყოფ ნორისსა და ჯორჯ რასელს ახალი საბურავებისთვის გაჩერება არ ჰქონდათ შესრულებული.
მერსედესმა თავისი პილოტების პოზიციები გაცვალა და ანტონელის მე-2 ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა, თუმცა ნორისი ლიდერის პოზიციაზე შეუჩერებელი აღმოჩნდა და ფინიშის ხაზი ჩემპიონატის ლიდერზე 11.536 წამით ადრე გადაკვეთა.
რასელმა კი მე-3 ადგილი შეინარჩუნა, მან ბოლომდე გაუძლო ფერარის პილოტების ზეწოლას და პოდიუმის ბოლო საფეხური დაიკავა.
ლუის ჰამილტონი და შარლ ლეკლერი, შესაბამისად, მე-4 და მე-5 ადგილებს დასჯერდნენ, ხოლო მაკლარენის ოსკარ პიასტრი მე-6 ადგილზე გავიდა.
ლიამ ლოუსონმა მე-7 ადგილი დაიკავა და რედ ბულის ერთადერთი პილოტი გახდა, რომელმაც რბოლა დაასრულა. ახალზელანდიელმა პოზიცია შეინარჩუნა მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი დროშების რეჟიმის დარღვევისთვის 10-წამიანი ჯარიმა მიიღო.
უნგრეთში სეზონის პირველი ქულების მოპოვების შემდეგ აუდის ნიკო ჰულკენბერგმა მონაგარს კიდევ რამდენიმე ქულა შემატა და მე-8 ადგილი დაიკავა.
ფერნანდო ალონსომ ასტონ მარტინს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა და მე-9ადგილზე გავიდა, ხოლო ალპინის პიერ გასლიმ საუკეთესო ათეული შეავსო.
ნიდერლანდების გრან პრის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:
1. ანტონელი - 242 ქულა
2. რასელი - 183 ქულა
3. ჰამილტონი - 183 ქულა
4. ნორისი - 159 ქულა
5. ლეკლერი - 155 ქულა
6. ვერსტაპენი - 112 ქულა
7. პიასტრი - 104 ქულა
8. ჰაჯარი - 68 ქულა
9. ლოუსონი - 49 ქულა
10. გასლი - 44 ქულა
ფორმულა 1-ში მომდევნო გრან პრი იტალიაში, 4-6 სექტემბერს, მონცას ტრასაზე გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი
02 მაი, 2026
03 მაი, 2026
22 აგვ, 2026
კომენტარები