მალაიზიის ფეხბურთის ასოციაცია (FAM) აპირებს, გაასაჩივროს FIFA-ს გადაწყვეტილება, რისი მიხედვითაც, ამ აზიური ქვეყნის ნაკრების ერთბაშად შვიდ ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მაისურით ფეხბურთის თამაში ერთი წლით აეკრძალა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მალაიზიის ნაკრები უცხოეთში დაბადებულ ფეხბურთელებისთვის ყალბი პასპორტების მიცემის გამო დასაჯა და ფეხბურთის ასოციაციასაც 438 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
FIFA-მ დაასკვნა, რომ მალაიზიელებმა არგენტინული, ბრაზილიური, ესპანური და ჰოლანდიური წარმოშობის ფეხბურთელებს მოუგონეს, თითქოსდა მათი წინაპრები მალაიზიაში იყვნენ დაბადებულნი, რაც ამ ფეხბურთელებს მალაიზიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ნებას აძლევდა.

ფულადი ჯარიმა ხსენებულ ფეხბურთელებსაც დაეკისრათ - თითოს $2500. ესენი არიან: გაბრიელ პალმერო (უნიონისტასი, ესპანეთი), ფაკუნდო გარსესი (ალავესი, ესპანეთი), როდრიგო ორგადო (ამერიკა დე კალი, ეკვადორი), იმანოლ მაჩუკა (ველეს სარსფილდი, არგენტინა), ჯონ ირასაბალი (ჯოჰორი, მალაიზია), ექტორ ეველი (ჯოჰორი, მალაიზია) და ჟოაო ფიგეირედო (ჯოჰორი, მალაიზია).
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ ანგარიშში ითქვა, რომ მალაიზიელთა მხრიდან ეს გაყალბება „უბრალოდ, კლასიკური თაღლითობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა“.
„დოკუმენტების გაყალბება ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპების არსს ეწინააღმდეგება, არა მხოლოდ იმ პრინციპებს, რომლებიც არეგულირებს მოთამაშის ეროვნულ გუნდში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, არამედ სუფთა სპორტის არსებით ღირებულებებსა და სამართლიანი თამაშის პრინციპსაც“, - განაცხადა FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კოლუმბიელმა ხორხე ივან პალასიომ.
FIFA-ს ანგარიშის საპასუხოდ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ შეუსაბამობები „ადმინისტრაციული შეცდომის“ შედეგი იყო და გაწბილებული შვიდეული „მალაიზიის კანონიერი მოქალაქეები“ არიან.
ანგარიშში ასევე ნახსენებია FAM-ის აღიარება, რომ „ასოციაციას დაუკავშირდნენ გარე სააგენტოები მოთამაშეების წარმომავლობასთან დაკავშირებით და ვერ შეძლო დოკუმენტაციის ნამდვილობის დამოუკიდებლად გადამოწმება“.
მალაიზიის ნაკრებს, რომელიც FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 123-ე ადგილს იკავებს, თავის გასამართლებლად ასევე მოყავს მეზობელი ინდონეზიის მაგალითი, რომლის ნაკრებში არაერთი ნიდერლანდებში დაბადებული ან ჰოლანდიური წარმოშობის მოთამაშე გამოდის, თუმცა ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ ინდონეზია მრავალი წელი ნიდერლანდების სამეფოს კოლონია იყო, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებში შერეულ ქორწინებათა რიცხვიც უამრავია და თავად „ნარინჯისფერთა“ რიგებშიც არაერთ ინდონეზიური ფესვების მქონეს (სიმონ ტაჰამატა, სანი სილოოი, მიხაელ მოლსი, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ვილფრედ ბაუმა, დენი ლანდზაატი, დემი დე ზეეუვი, ტიჯანი რეინდერსი) უთამაშია. გარდა ამისა, ინდონეზია მუნდიალზე ერთადერთხელ მონაწილეობდა და ისიც „ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის“ სახელით 1938 წელს.
ზოგადად, აზიური ქვეყნების ეროვნულ გუნდებში ევროპელი, სამხრეთ-ამერიკელი თუ აფრიკელი ფეხბურთელების სიჭარბე ბოლო პერიოდში ტრენდული გახდა. ამის ნათელი მაგალითი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომლის ნაკრების ძირითად ბირთვს ათზე მეტი პორტუგალიელი, ბრაზილიელი თუ არგენტინელი მოთამაშე (რუბენ კანედო, კაიო კანედო, ლუკას პიმენტა, მარკუს მელონი, ნიკოლას ხიმენესი, გასტონ სუარესი, ფაბიო ლიმა, კუამ ოტონი, ბრუნო, ერიკი, ლუანზინიო) წარმოადგენს.
მათთვის, ვინც არ იცის, FIFA-ს აქვს ე.წ. „პაპის წესი“, რომელიც საზღვარგარეთ დაბადებულ ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, იასპარეზონ იმ ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში, სადაც მათი ბიოლოგიური მშობლები ან პაპა-ბებიები დაბადებულან.
ცნობისთვის, ამ წესით კარგად იხეირა ჩვენი მეზობელი სომხეთის ეროვნულმა გუნდმა, როდესაც ნაკრების კარი გაუხსნა არგენტინაში, კოლუმბიაში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში დაბადებულ მოთამაშეებს: გრანტ-ლეონ რანოსს (როგორც ამბობენ ერანოსიანს - გერმანია), ხორდი მონროი-არარატს (კოლუმბია) ლუკას ზელარაიანს, ნორბერტო ბრიასკო-ბალეკიანს (ორივე - არგენტინა) და ასირიელ შვედ ანდრე ჩალიშირს.