ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ნახევარმცველი დეკლან რაისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იზოლირებულად ვარჯიშობს.
ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში ტკივილის ბარიერის მიუხედავად თამაშობდა და ამჟამად ბარძაყისა და წელის ტრავმებსაც უჩივის, ვირუსული ინფექციის გამო გუნდურ ვარჯიშებს ზედიზედ ორი დღეა აცდენს.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა რაისის იზოლირება იმ მიზნით გადაწყვიტეს, რომ თავიდან აიცილონ გუნდში ვირუსის შესაძლო გავრცელება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია შაბათს, ნორვეგიის წინააღმდეგ გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რაისი ნორვეგიელებთან თამაშს, ინგლისის ბანაკში აცხადებენ, რომ ინფექცია კონტროლის ქვეშაა და მისი მდგომარეობა არაა სერიოზული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელების კლუბებში დაბრუნება იგვიანებს, რადგან მათ ტურნირის დასრულების შემდეგ სამკვირიანი დასვენება ელოდებათ, რაც ნიშნავს, რომ არსენალის ლიდერები, მათ შორის რაისი, ბუკაიო საკა, ებერეჩი ეზე და ნონი მადუეკე, გუნდის საზაფხულო მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებენ.