-
Aa
+
ფონტის ზომა
ყველა ტაქტიკური ცვლილებისა და შემადგენლობაში განხორციელებული გადაადგილების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი შესაძლოა ოთხწუთიანი სიმღერა იყოს.
Oasis-ის „Wonderwall“ ფაქტობრივად ინგლისელთა მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზის საუნდტრეკად იქცა. ამ ეტაპზე ისინი შაბათს, 11 ივლისს, ნორვეგიას დაუპირისპირდებიან.
სიმღერა იმ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო, რომლებიც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ტურნირის დაწყებამდე FIFA-ს წარუდგინა. მათ შორის იყო „Sweet Caroline“-იც - ჰიმნი, რომელიც გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებში მუშაობის პერიოდთან ასოცირდება.
თუმცა, თომას ტუხელის მოსვლამ ახალი ეპოქა დაიწყო, რომელსაც ახალი, უფრო სწორად, განახლებული ჟღერადობა სჭირდებოდა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ჯგუფისგან.
„Wonderwall“ პირველად მას შემდეგ გაჟღერდა, რაც „სამმა ლომმა“ ტურნირის სანახაობრივ პირველ მატჩში ხორვატია 4:2 დაამარცხა. ის მომენტი დალასის სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.
ქომაგები სიმღერას მთელი ხმით მღეროდნენ და მათი ხმა, სავარაუდოდ, სტადიონის ხმის სისტემასაც კი ფარავდა. სწორედ მაშინ გაჩნდა განცდა, რომ ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის უფრო მჭიდრო კავშირი ყალიბდებოდა და ისინი მსოფლიო ჩემპიონატის გზას ერთად იწყებდნენ.
ეს, ალბათ, ინგლისის ნაკრების მაისურით განცდილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტი იყო, განსაკუთრებით დიდ ტურნირებზე.
,,ზედმეტ ეიფორიაში არ ვვარდებით, მაგრამ გულშემატკივრებთან ეს ემოციური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი მათთვის.
„ახლა მათთან ეს კავშირი გვაქვს, მაგრამ სტადიონზე „Wonderwall“-ის ერთად შესრულება ნამდვილად განსაკუთრებული მომენტი იყო.“ - განაცხადა კაპიტანმა ჰარი კეინმა Lions’ Den-ის პოდკასტში.
პირველად ეს სპონტანური ერთობლივი სიმღერა იყო, თუმცა მას შემდეგ ყოველი მნიშვნელოვანი შედეგი კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცა, რათა გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო და ყველას ამ გამოცდილებით ესიამოვნა.
მექსიკასთან მოპოვებულმა მძიმე გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ერთიანობა, რომელიც ტუხელის გუნდს აცტეკაზე მეტოქის 30-წუთიანი შტურმის გაძლებაში დაეხმარა. ინგლისელთა თავდადებული და თავგანწირული დაცვა გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულისა და მხარდაჭერის გამაყრუებელი გამოხატვით დაჯილდოვდა.
როგორც თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, „Wonderwall“ ხალხის სიმღერაა. ამიტომაც ის იდეალური საუნდტრეკია იმ გზისთვის, რომელსაც ინგლისის ნაკრები გადის - გუნდი, რომელსაც გულშემატკივრები წინ მიუძღვებიან და ქომაგები მასში საკუთარ თავს ხედავენ.
ეს პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც „Wonderwall“ დიდ სპორტულ ღონისძიებაზე გაჟღერდა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე სიმღერა Oasis-ის სოლისტმა ლიამ გალაჰერმა და მისმა მაშინდელმა ჯგუფმა Beady Eye-მ შეასრულეს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

