მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბუკმეკერებმა მთავარი ფავორიტების სია განაახლეს.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონები და ევროპული გრანდები ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა რეიტინგში სერიოზული ცვლილებებია.
წარმოგიდგენთ ტურნირის მოგების 4 მთავარ ფავორიტს:
4. ინგლისი: თომას ტუხელის გუნდმა მეხიკოში ურთულესი მატჩი გადაიტანა და მასპინძელი მექსიკა აცტეკაზე დაამარცხა. ინგლისელებს მეოთხედფინალში ნორვეგიასთან მატჩის წინ 5-დღიანი დასვენება აქვთ, ჰარი კეინი (6 გოლი) და ჯუდ ბელინგემი კი საოცარ ფორმაში არიან.
3. არგენტინა: მოქმედი ჩემპიონები კაბო-ვერდესთან და ეგვიპტესთან (სადაც 0:2-ს აგებდნენ და 3:2 შემოატრიალეს) მძიმე ბრძოლების შემდეგ მაინც ფავორიტებად რჩებიან. თუმცა, სკალონის გუნდისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გადაღლილობა და ასაკი შეიძლება გახდეს, ეგვიპტესთან სასტარტო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი 32 წელს ზემოთ იყო.
2. ესპანეთი: ტურნირის დაწყებამდე მთავარი ფავორიტები იყვნენ, თუმცა პორტუგალიასთან მერვედფინალში (1:0) გოლი მხოლოდ 91-ე წუთზე გაიტანეს. ესპანეთს ამ მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუშვია, უნაი სიმონმა კი 609-წუთიანი მშრალი სერიით მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი მოხსნა. ნიკო უილიამსის ტრავმა და ლამინ იამალის უფერული თამაში მათ შემტევ პოტენციალს ასუსტებს.
1. საფრანგეთი: დიდიე დეშამის გუნდი ტურნირის ერთპიროვნული ფავორიტი გახდა. მართალია, პარაგვაისთან მხოლოდ 1:0 მოიგეს, მაგრამ მათი შემტევი ძალა საოცარია, კილიან მბაპეს, მაიკლ ოლისესა და უსმან დემბელეს ტურნირზე ჯამში 11 გოლი და 9 ასისტი აქვთ. ფრანგები ზედიზედ მესამე მუნდიალის ფინალში გასვლას გეგმავენ.
რაც შეეხება აუტსაიდერებს, ბუკმეკერები დიდ შანსს აძლევენ ნორვეგიას (17.00), რომელმაც ერლინგ ჰალანდის დუბლით ბრაზილია გამოაგდო, და შვეიცარიას (34.00), რომელმაც კოლუმბია პენალტების სერიაში გატეხა. ს
აოცარ ფორმაშია მაროკოც (34.00) - გუნდს 34 მატჩია ძირითად დროში არ წაუგია, თუმცა ნახევარფინალამდე მისასვლელად საფრანგეთისა და ესპანეთის ბარიერების გადალახვა მოუწევს.