-
Aa
+
ფონტის ზომა
ორშაბათს, 1998 წლის 13 ივლისს, სრულიად საფრანგეთმა ყველაზე ბედნიერი ნაბახუსევით გაიღვიძა. საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ „სამფეროვნებმა“ სანუკვარი მსოფლიო თასი მოქმედ მფლობელს, უძლიერეს ბრაზილიას აართვეს საშინაო კედლებში, მუნდიალის მასპინძელი ქვეყანა ხომ ისტორიაში მეშვიდე ერი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო, თანაც ზინედინ ზიდანი პირველი არაბრაზილიელი (პელესა და ვავას შემდეგ) იყო, რომელმაც მუნდიალის ფინალში დუბლი შეასრულა…
ფრანგებს კეთილი ზღაპარი რეალობად ექცათ: ზედიზედ ორი გამოტოვებული მსოფლიო პირველობის შემდეგ, ტურნირის მასპინძლობა და პირდაპირ სანატრელი ოცნების ახდენა — საფრანგეთი იტალიისა და გერმანიის გვერდით დადგა, იმ ევროპული გრანდების, რომლებსაც უზეიმიათ როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება.
და მათ ეს ყველაფერი ბრაზილიის წინააღმდეგ გააკეთეს — ქვეყნის, რომლის ფეხბურთითაც დიდხანს იყვნენ აღფრთოვანებულნი. სამფეროვნებმა ნაქები „სელესაო“ გაანადგურეს და როგორც ხშირად ამბობენ, ეს უდიდესი წარმატება არამარტო ფეხბურთელებმა დაიმსახურეს, არამედ მთლიანად ფრანგმა ხალხმა საოცარი სულისკვეთებისთვის, რაც იმ დროს ნათლად ჩანდა.
ეს იყო ბრაზილიის პირველი მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ანდაც მეორე, 1950 წლის მინი-ლიგის ეროვნულ ტრაგედიად მიჩნეულ უკანასკნელ მატჩს თუ მივათვლით. დიდებული ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომელთა ჩემპიონობაში ეჭვი თითქმის არავინ შეჰქონდა, შოკირებულნი იყვნენ როგორც 2:0-ზე შესვენებისას, ისე საფინალო სასტვენის შემდეგ.
რონალდო ნაზარიოს ირგვლივ გაჩენილი ფინალისწინა ამბავი რომ ცალკე გადავდოთ, „სტად დე ფრანსზე“ გახსნით მატჩში, სადაც მარიო ზაგალოს გუნდმა შოტლანდიას 2:1 მოუგო, უკვე ჩანდა, რომ „კანარინიოს“ დაცვაში პრობლემები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ თავი ერთგვარად სიმბოლურად, იმავე სარბიელზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში იჩინა.
ჟუნიორ ბაიანომ, ნაკრებისა და „ფლამენგოს“ ცენტრალურმა მცველმა ფრანგულ ფინალში ძალზე ცუდი თამაში აჩვენა. სხვათა შორის, ფინალამდე განცდილ ბრაზილიელთა მოულოდნელ მარცხში ჯგუფურ ეტაპზე, ნორვეგიასთან შეხვედრაში, ორივე გოლი მისი „დამსახურება“ იყო, მასვე ადანაშაულებენ ნახევარფინალში გაშვებულ პატრიკ კლაივერტის გოლშიც... ბრაზილია კი სენ-დენიში უარეს დამცირებას მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მასპინძელთა ცენტრფორვარდმა სტეფან გივარშმა ფინალში მიზანი ვერაფრით გაისწორა…
ემე ჟაკეს კრებულმა ისტორიული ფინალი ისეთი დინამიურობით დაიწყო, თითქოს ისევ პირველ ტურში იყვნენ და სამხრეთ აფრიკისა და საუდის არაბეთის აუტსაიდერ ნაკრებებს ეთამაშებოდნენ. ფრანგებს ბურთი სწრაფად და თავისუფლად დაჰქონდათ და პირველივე წუთებში გააჩინეს ნაპრალი ტეტრაკამპეონების დაცვის ცენტრში, ჟუნიორ ბაიანოსა და ალდაირს შორის. იური ჯორკაეფი და ზინედინ ზიდანი სწრაფ, ზუსტ პასებს აკეთებდნენ და გივარშმა რომ ანგარიში ვერ გახსნა, მხოლოდ მისი ბრალია…
ბრაზილიამ, ქვეყანამ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების მოგების უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, მარსელ დესაის მეთაურობით აწყობილ ფრანგების დაცვას ვერაფერი მოუხერხა, მას მერეც კი, როდესაც ეს უკანასკნელი ნაადრევად მიაბრძანეს მინდვრიდან.
და რას შვრებოდა პლანეტის საუკეთესო მოთამაშე რონალდო? არც არაფერს. ერთადერთი შანსი, რაც მას კარის სიახლოვეს მიეცა, მეკარე ფაბიენ ბარტეზმა იოლად გაანეიტრალა. თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და ბრაზილიელებს აიძულებდნენ, შეცდომები დაეშვათ. ორი კუთხური და ორი თავური გოლი — საჯარიმოში მოგროვილმა სამხრეთ ამერიკელებმა ზიზუს ხელი ვერცერთხელ ვერ შეუშალეს…
როდესაც მატჩი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, საფრანგეთს უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, არა კიდევ ერთი გოლის გატანით, არამედ მოედნის ცენტრში მეტოქეზე ზეწოლით, ბრაზილიელი თავდამსხმელებისთვის ბურთის მიწოდების აღკვეთითა და მცველების შეწუხებით, რომლებსაც თამაშში ჩართვა უკვე უჭირდათ, თუმცა მორიგი გოლი კვლავ მათ გაიტანეს, რამაც ტრიბუნებზე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სიხარულისგან გადარია…
წამების შემდეგ ყველაფერი დასრულდა და საფრანგეთი, ევროპის ეს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, რომლის პიონერებმაც დააარსეს ჯერ FIFA და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშება, ახალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როგორც იტყოდნენ, მცირე დაგვიანებით.
Le Magnifique!
Un rêve devenu réalité!
Pour l'éternité!
1998 წლის მუნდიალი პირველი 32-გუნდიანი ტურნირი იყო გუნდების გაზრდილი რაოდენობით. როგორც ხშირად აფასებენ, ყველაზე ლამაზ ჩემპიონატად წოდებულ მუნდიალს საოცარ ხიბლს ძენდა თვალისმომჭრელად შთამბეჭდავი ეკიპირებები, მრავალფეროვანი მონაწილე ნაკრებები, მუნდიალების ისტორიაში დღემდე ტოპ-გოლებად მიჩნეული დენის ბერგკამპისა თუ ჭაბუკი მაიკლ ოუენის საოცარი გოლები და ახალ ეპოქაში გარდამავალი რომანტიკული ფეხბურთი.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

