შვედეთის ნაკრების ლეგენდამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს მესიჯი გაუგზავნა.
მისი თქმით, ლიონელ მესი მუნდიალზე არარეალურ რამეებს აკეთებს, თუმცა თანაგუნდელებმა მას ტვირთი უნდა შეუმსუბუქონ, რადგან 39 წლის ვარსკვლავი გუნდს მარტო ბოლომდე ვერ ათრევს.
ეგვიპტესთან მერვედფინალში არგენტინა 0:2-ს აგებდა, როდესაც მესიმ ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე თავად გაათანაბრა, ბოლოს კი ენცო ფერნანდესმა გამარჯვების გოლი შეაგდო (3:2). მესი 8 გოლით ტურნირის ბომბარდირია და გაუსწრო კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს (7-7 გოლი).
Fox Sports-ის ეთერში იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა:
დაინახეთ, რომ 0:2-ის შემდეგ რაღაც შეიცვალა. მესიმ თითქოს გადამრთველი გადმოწია, ნამდვილი ცხოველი გახდა და მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. ყველაფერი აქვს მოგებული, უამრავი ოქროს ბურთი აქვს, მაგრამ მაინც მეტი უნდა. თუმცა, კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, თანაგუნდელები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ და დაეხმარონ. მესი სხვა დონეზეა, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება
იქვე მესის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა ტიერი ანრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მესი ისტორიას ფეხებით წერს, მისი კარიერა კი ჰოლივუდის ფილმს ჰგავს, რომლის სცენარისც არავის სჯერა. არგენტინა მუნდიალის მეოთხედფინალში შაბათს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.