მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას არ გამორიცხავს
მარკუს რაშფორდის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბარსელონაში იჯარით მყოფმა ინგლისელმა შემტევმა, შესაძლოა, ესპანური კლუბი ზაფხულში დატოვოს. ბოლო ინფორმაციით, კატალონიური გრანდი მისი ტრანსფერის გამოსყიდვას აღარ ჩქარობს, თავად ფეხბურთელი კი მანჩესტერში ახალი პროექტის ნაწილი გახდომისთვის მზადაა.
ფინანსური ბარიერი და ბარსელონას პოზიცია
რაშფორდის პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენა იყო, თუმცა მოლაპარაკებები ფინანსური მიზეზების გამო შეფერხდა. ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც მისი მაღალი ხელფასიც ემატება. მიუხედავად იმისა, რომ რაშფორდმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, ის გუნდის შეუცვლელ სტარტერად ვერ ჩამოყალიბდა. კატალონიელებს კი სურთ ბაზარზე ისეთი მოთამაშე იპოვონ, რომლის შენახვაც უფრო იაფი დაუჯდებათ.
გადამწყვეტი შეხვედრა ჰანსი ფლიკთან
რაშფორდის ბედი სეზონის დასრულების შემდეგ, ჰანსი ფლიკთან შეხვედრისას გადაწყდება. ამ ეტაპზე კლუბს ფეხბურთელისთვის პირდაპირ არ უთქვამს, რომ მის გამოსყიდვას არ აპირებს, თუმცა არც მოლაპარაკებებში შეინიშნება პროგრესი. თუ ბარსელონა უარს იტყვის, რაშფორდი მზადაა ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდეს, სადაც მას მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
ინგლისელი შემტევის საბაზრო ღირებულება ამჟამად 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ბარსელონაში ნაჩვენები სტატისტიკის წყალობით, მასზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა თუ ის ესპანეთს დატოვებს, მანჩესტერ იუნაიტედი მისი მთავარი არჩევანი იქნება.