გერმანულმა გამოცემა Heidenheimer Zeitung-მა ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით: „სასტარტო შემადგენლობა მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ: რატომ არის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ნომერ პირველი თავდამსხმელი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის შემდეგ, დარმშტადტთან მატჩში გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა და 5 გატანილი ბურთით ჰაიდენჰაიმის საუკეთესო ბომბარდირია. სტატიაში ასევე ნათქვამია:
ის შეუცვლელია: ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ჰაიდენჰაიმის სასტარტო შემადგენლობაში უკვე ცხრა თამაში დაიწყო
საგულისხმოა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფრანკ შმიდტის კომენტარიც, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი შეაქო და ეროვნულ ნაკრებში მის თამაშსაც შეეხო:
სანაკრებო პაუზის შემდეგ ზივზივაძე დაბრუნდა და მხოლოდ ერთი ვარჯიშის გამართვა მოასწრო, თუმცა მაინც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მასთან ასეთი შეთანხმება გვქონდა. იმედი მქონდა, რომ უკრაინასთან ბევრს არ ითამაშებდა. მოედანზე ნახევარი საათი გაატარა, რაც კარგია
დარმშტადტთან სრულად ნათამაშებ შეხვედრაში ბუდუს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავი იყო: 36 შეხება, 8 დარტყმა (3 ზუსტი, 2 დაბლოკილი, 3 არაზუსტი), 13-დან 10 ზუსტი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაბრუნებული ბურთი. ანალიტიკურმა პლატფორმა Sofascore-მა ქართველი ფორვარდის თამაში 7.4 ქულით შეაფასა.