მიუნხენის ბაიერნში შიდა სამზარეულო აირია.
როგორც ჩანს, მაიკლ ოლისე კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ჯამალ მუსიალას მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას არ იზიარებს. ფრანგმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანოს პოსტი მოიწონა, სადაც ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPRO) განცხადება იყო ციტირებული: „ბაიერნმა მუსიალას პატივი უნდა სცეს“.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში მიუნხენელთა მაღალჩინოსნებმა (ული ჰიონესმა, იან-კრისტიან დრეზენმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ) 23 წლის მუსიალას სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით ეჭვები საჯაროდ გამოთქვეს. რუმენიგეს თქმით, ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება იმ დონეს დაუბრუნდეს, რასაც აქამდე აჩვენებდა. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, მუსიალას ნევროლოგიური დისფუნქცია აქვს, რაც ხანმოკლე შეტევებს იწვევს (ბოლო ასეთი შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა). გერმანული მედიის ცნობით, შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის შერჩევა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ 2025 წლის თებერვალში გახანგრძლივებული კონტრაქტის შემდეგ, მუსიალა წლიურად 25 მილიონ ევროს იღებს. ბაიერნს სურს, რომ მისი ანაზღაურება და მოედანზე ნაჩვენები პერფორმანსი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ანუ ხელფასი შეუმციროს.
ექსპერტების აზრით, ამ საჯარო კრიტიკით ბაიერნმა შესაძლოა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა. ყოფილი ფეხბურთელის, მაიკ ფრანცის განცხადებით, მაიკლ ოლისე ამ ყველაფერს აკვირდება და აუცილებლად იფიქრებს: „თუ დავშავდი ან ავად გავხდი, მეც ასე საჯაროდ გამწირავენ“. ფრანცის აზრით, ეს ფაქტი ოლისეს (რომელსაც მადრიდის რეალს უკავშირებენ) ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს სერიოზულად გაართულებს.
ცნობისთვის, თავად ოლისემ კიოლნთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე ლილის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.