ვულვზის ვარსკვლავმა, მათეუს მანემ, თავისი საერთაშორისო მომავალი პორტუგალიას დაუკავშირა მას შემდეგ, რაც სანაკრებო პაუზის დროს 21-წლამდელთა გუნდში გამოიძახეს.
18 წლის ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანისა და შოტლანდიის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. პორტუგალიელებმა ეს მატჩები 4:0 და 3:0 მოიგეს.
მანე ბარეიროში დაიბადა, თუმცა მანამდე ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიამ მისი დაყოლიება შეძლო და ამით 2025/26 წლების პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე საკუთარ მომავალ თაობას შემატა.
მანესთან მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 21-წლამდელთა მწვრთნელი ლუის ფრეირე და მთავარი ნაკრების თავკაცი რობერტო მარტინესიც იყვნენ ჩართულნი.
ფეხბურთელსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პერსონალს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ფრეირემ მანეს დეტალურად გააცნო თავისი ხედვა და აუხსნა, თუ რატომ იქნებოდა ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.
ფრეირე ნაკრებს სათავეში 2025 წლის ივლისში ჩაუდგა და საოცარია, რომ მას შემდეგ გუნდს არცერთი თამაში არ წაუგია და გოლიც კი არ გაუშვია. თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან დებიუტის შანსი 24 ფეხბურთელს მისცა, მათ შორის უოტფორდის ვივალდო სემედოს და ბენფიკას გონსალო მორეირას.
მანე ფრეირესთან საუბრის შემდეგ კმაყოფილი დარჩა მისი განვითარების გეგმით. ამასთან, ფედერაციის პრეზიდენტმა პედრო პროენსამ და რობერტო მარტინესმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მას უახლოეს წლებში პორტუგალიის პირველ ნაკრებში ხედავენ.