1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც სპორტში კარიერის აწყობაზე ოცნებობენ, ყველაზე ნაცადი გზა ჩრდილოეთით, ევროპისკენ მიდის. სწორედ იქ არის ფულის და შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი, თანაც კონკრეტული კლუბებისა და სპეციალიზებული აკადემიების მეშვეობით უკვე არსებობს მრავალი კარგად აპრობირებული მარშრუტი - მაგრამ იან დიომანდეს ისტორია განსხვავებულია.
კოტ-დ’ივუარელი მადრიდის რეალს დაახლოებით 135 მილიონ ევროდ უერთდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა პროფესიონალურ ფეხბურთში ყველაფერი იყო, გარდა ტრადიციულისა.
დაშვება დეიტონა ბიჩზე
სავარაუდოდ, შეერთებული შტატები ბოლო ადგილია, სადაც ასეთი ტალანტის განვითარებას ელოდებით. აშშ-ისადმი სრული პატივისცემის მიუხედავად, ის ჩვეულებრივ არ ასოცირდება ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის გამორჩეულ კერასთან, განსაკუთრებით ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთით დაბადებულთათვის. იქ არ არის მსოფლიო დონის აკადემიები იმავე მასშტაბით, როგორც ევროპაში, ხოლო ქვეყნის ყველაზე წარმატებული და ჩამოყალიბებული გზები სპორტსმენებისთვის, როგორც წესი, ტრადიციული ამერიკული სპორტის სახეობებისთვისაა დათმობილი.
თუმცა, საფეხბურთო განათლების მისაღებად დიომანდემ ჩრდილოეთის ნაცვლად დასავლეთით გაიხედა, რამაც მისი სწრაფი აღზევების ისტორია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
ის 15 წლის იყო და ინგლისური საერთოდ არ იცოდა, როდესაც სულ რაღაც ოთხი წლის წინ, 2022 წელს, ფლორიდაში, დეიტონა-ბიჩის DME Academy-ში ჩავიდა. მიუხედავად ამისა, დიომანდეს ზრდა სწრაფი აღმოჩნდა: მან სწრაფად დამკვიდრდა გუნდის თილისმად და პარალელურად განათლების გასაგრძელებლად ადგილობრივ სკოლაშიც დადიოდა.
მას პრობლემებიც ჰქონდა. კულტურულად, აშშ-ში ცხოვრებასთან შეგუებას დრო დასჭირდა, მოედანზე კი პერიოდულად ინციდენტები ხდებოდა: იდაყვის ჩარტყმა მეტოქისთვის, რომელმაც წყობიდან გამოიყვანა, ემოციების მართვის სირთულე. ESPN-თან ინტერვიუში ყოფილი მწვრთნელის თქმით, მან რამდენიმე თანაგუნდელს ისიც კი აჩვენა, თუ ვინ იყო უფროსი, როდესაც იგრძნო, რომ ისინი მის მეგობარს ჩაუსაფრდნენ.
ზოგადად კი დიომანდე გამორჩეულად სწრაფად ათვისებად მოთამაშედ ითვლებოდა და DME Academy-ში მან უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ნათელი იყო, რომ ის იმ დონეს ბევრად აღემატებოდა.
2023 წლის ზაფხულში, DME Academy-ის ექვსი ფეხბურთელი თამაშობდა AS Frenzi-ში, ნახევრად პროფესიონალურ United Premier Soccer League-ში, რომელიც ეროვნული ტურნირია. დიომანდე ერთ-ერთი მათგანი იყო და გადამწყვეტი როლი ითამაშა სეზონში, სადაც მათ პირველად მოიპოვეს UPSL-ის ტიტული. მან ფინალში ორი გოლი გაიტანა და ოქროს ბუციც დაისაკუთრა.
16 წლის დიომანდე გუნდის ვარსკვლავი იყო და თავისი თამაშით MLS-ის გუნდების ყურადღება მიიპყრო. იყო სინჯები, თუმცა საბოლოოდ წარუმატებელი - ისე, რომ მისთვის მიზეზები დიდად არც განუმარტავთ.
კიდევ ერთი სინჯები - ამჯერად ევროპაში. ბორნმუთმა, ჩელსიმ, რეინჯერსმა, ოლიმპიაკოსმა, კრისტალ პალასმა - ყველამ უარი თქვა. მალე მას ამერიკული ვიზის ვადაც დაუმთავრდა, რაც 2024 წელს კოტ-დ’ივუარში დაბრუნებას ნიშნავდა - იანი ფიქრობდა რომ მისი ოცნება დასრულდა.
ახალი მესი
ჯეფ ლუჰნოუ, მექსიკურ-ამერიკელი ყოფილი ბეისბოლის მენეჯერი და მეწარმე, იყო ადამიანი, ვინც თავდაპირველად დააფინანსა ჯგუფი აფრიკაში, რომელიც ადგილობრივ ტალანტებს ავლენდა და ევროპისა თუ აშშ-ის აკადემიებისკენ გზას უხსნიდა.
2022 წლის ივნისში, თავისი სპორტული საინვესტიციო და მართვის ფირმის, Blue Crow Sports-ის მეშვეობით, მან ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბი ლეგანესი შეიძინა.
მას შემდეგ, რაც დიომანდე მშობლიურ ქალაქ, აბიჯანში დაბრუნდა, ლუჰნოუმ იზრუნა იმაზე, რომ მოზარდის შემდეგი დანიშნულების ადგილი ესპანეთი ყოფილიყო, და არა უბრალოდ სინჯებისთვის.
ლუჰნოუმ უკვე იცოდა დიომანდეს ტალანტის შესახებ. მან ლეგანესის მწვრთნელს, ბორხა ხიმენესს, ფეთქებადი ახალგაზრდის ვიდეოები აჩვენა და განუცხადა, რომ მათ „ახალი მესი“ აღმოაჩინეს. ხიმენესი დიომანდეს კადრებით გაოგნებული დარჩა.
დიომანდემ კონტრაქტს ხელი 2024 წლის ნოემბერში მოაწერა, თუმცა ახალ კლუბს რეალურად მხოლოდ 2025 წელს შეუერთდა და თავდაპირველად B გუნდში ვარჯიშობდა. ტრავმამაც შეაფერხა მისი ადაპტაციის პერიოდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტის სანაკრებო პაუზამდე ლეგანესის პირველ გუნდში, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლა ლიგაში თამაშობდა, არავის ესმოდა, თუ რა მასშტაბის ტალანტთან ჰქონდათ საქმე. ეს ყველაფერი B გუნდსა და ძირითად შემადგენლობას შორის გამართულმა ამხანაგურმა მატჩმა შეცვალა.
ხიმენესს დიომანდეს თამაში რეალურად არ ენახა, მაგრამ იმ დღეს ბუტარკეზე ნანახმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ახალგაზრდამ პირველი გუნდი გაანადგურა. მას B გუნდის მწვრთნელისთვის თხოვნაც კი დასჭირდა, რომ ის შეეცვალათ, რადგან ეშინოდა, უკმაყოფილო სენიორ მოთამაშეებს ხისტი ვარდნით არ დაეშავებინათ.
მან მეტი არ უნდა ითამაშოს და ხვალ ჩვენთან ერთად ივარჯიშებს
თქვა ხიმენესმა.
მიუხედავად აღფრთოვანებისა, ამ თამაშმა ხიმენესი მოზარდის მწიფეაზროვნებაზეც დააფიქრა: იფიქრებდა თუ არა ის, როგორ მოქცეულიყო და შეინარჩუნებდა თუ არა თავმდაბლობას უფროსი მოთამაშეების მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე უკეთესი იყო.
„ვუთხარი, რომ ზუსტად ისევე უნდა გაეგრძელებინა თამაში, როგორც წინა დღეს, მაგრამ პირველი გუნდის მოთამაშეების მიმართ პატივისცემა უნდა გამოეჩინა. მოსულიყო პირველი, პირველი გასულიყო სავარჯიშოდ, ბოლო წასულიყო და თანაგუნდელებს დახმარებოდა იმის გაგებაში, თუ ვინ იყო ეს ახალი ბიჭი… მან ეს სრულყოფილად გაიგო.“
რამდენიმე დღეში მისი პროფესიონალური დებიუტი სიმბოლურად სწორედ იმ სტადიონზე შედგა, რომელსაც მალე თავის სახლს უწოდებს - ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე.
გარღვევა
მატჩის მიწურულს, როდესაც ლეგანესი რეალთან 2:3-ს აგებდა, მოედანზე შესული დიომანდეს პირველი შეხება ოდნავ ნერვიული და ძალიან უხეში აღმოჩნდა, რამაც ალვარო კარერასს ბურთის მოპოვებისა და მადრიდელთა მარცხენა ფლანგიდან კონტრშეტევის წამოწყების საშუალება მისცა. ამას არაფერი მოჰყოლია, თუმცა ეს იყო იმის თვალსაჩინო გაფრთხილება, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ისარგებლონ შეცდომით ამ დონეზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ მან ფინტით ჩამოიშორა როდრიგო, შემდეგ ჯუდ ბელინგემი, გაუთამაშა თანაგუნდელს, მიიღო ბურთი საჯარიმოში, სადაც მასზე რაულ ასენსიომ იუხეშა - პენალტი არ დაინიშნა, მაგრამ ხიმენესისთვის ამ ეპიზოდმა ყველაფერი დაადასტურა, ყველაფერი, რასაც ვარჯიშებზე ხედავდა. მას არ ეშინოდა, ბერნაბეუზეც კი - სტადიონზე, რომელიც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს აფრთხობს. იანი სახლში კილიან მბაპეს მაისურით დაბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დებიუტიდან რამდენიმე კვირაში უმცროსი დის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, დიომანდემ 2024-25 წლების სეზონ ლეგანესის დარჩენილ ათივე მატჩში ითამაშა. უცხო ქვეყანაში, უდიდესი გულისტკივილით, სავარჯიშო ბაზაზე მცხოვრები დიომანდე მოედანზე კაშკაშს არ წყვეტდა.
დებიუტის უქმეებიდან 2024-25 წლების სეზონის ბოლომდე, დიომანდე საშუალოდ 6.5 დრიბლინგის მცდელობას ასრულებდა 90 წუთში, რაც მეოთხე მაჩვენებელი იყო ლა ლიგის იმ მოთამაშეებს შორის, ვისაც ამ პერიოდში სულ მცირე 400 წუთი ჰქონდათ ნათამაშები.
ის წარმატებით ასრულებდა 3.8 დრიბლინგს 90 წუთში (წარმატების მაჩვენებელი 59.0%); იმავე პერიოდში მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა უკეთესი მაჩვენებელი მათ შორის, ვისაც საშუალოდ 3.0-ზე მეტი დრიბლინგი ჰქონდა. შედარებისთვის, ვინისიუს ჟუნიორი (40.0%) და ლამინ იამალი (54.8%) დიომანდეს ჩამორჩებოდნენ.
დიომანდე ბურთით თამაშისას იყო თამამი, მაგრამ, რაც მთავარია, ეფექტური. მან უდიდესი როლი ითამაშა გავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი ლეგანესის შეტევაში გადაყვანაში: ის მესამე ადგილზე იყო ფლანგელებს შორის ბურთის 10+ მეტრით წინ წაღების მაჩვენებლით 90 წუთში (6.6), ხოლო ღია თამაშიდან შექმნილი მომენტების მიხედვით მხოლოდ ოთხ მოთამაშეს ჰქონდა მასზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი (2.3).
თუმცა დიომანდემ ლეგანესს ვერ უშველა. მიუხედავად ამისა, ხიმენესი დარწმუნებული იყო, რომ დიომანდეს სეზონის უფრო ადრეულ ეტაპზე შეერთების შემთხვევაში, გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა - იმის გათვალისწინებით, რომ მისი დებიუტი რეალთან მხოლოდ 28 მარტს შედგა, ხოლო ლეგანესმა მე-17 ადგილზე გასულ სევილიას სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩა.
სწორედ სევილიასთან ხელიდან გაშვებული მომენტის გამო გააკრიტიკეს დიომანდე - რომელსაც ფრის ნაცვლად მოგება უნდა მოეტანა, რაც საბოლოო ცხრილში მათი ადგილების გაცვლას უზრუნველყოფდა.
მეორე ტაიმის დამატებულ დროში, კუთხურის შემდეგ, დიომანდე თავისი მეკარის მიერ შორს გამოტანილ ბურთს გამოეკიდა. მან ყველას გაასწრო, ბურთი გვერდი აუარა სევილიას მეკარე ერიან ნილანდს, რომელიც საჯარიმოდან შორს იყო გამოსული და ფაქტობრივად ცარიელი კარები ჰქონდა 35 მეტრიდან გატანისთვის. შესაძლოა, მასსა და კარს შორის მდგარმა ერთადერთმა მცველმა გაუფანტა ყურადღება - დიომანდეს დარტყმა სუსტი გამოვიდა და კარს საკმაოდ ააცილა.
ხიმენესი ამტკიცებდა, რომ ეს მომენტი საერთოდ ვერ შეიქმნებოდა, იმ ბურთზე სხვა რომ გაქცეულიყო. თუმცა, ეს იყო მისი თამაშის სუსტი მხარის თვალსაჩინო მაგალითი - ფინიშინგი, დაგვირგვინება. დარტყმის ადგილის შერჩევა, გადაწყვეტილების მიღება და ტექნიკა აშკარად დახვეწას საჭიროებდა, თუმცა 18 წლის ფეხბურთელისთვის ეს უჩვეულო არ ყოფილა - მიუხედავად ამისა, ლაიპციგი დარწმუნებული იყო რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა.
ხიმენესმა განაცხადა, რომ იანის თაობაზე რამდენიმე კლუბმა დარეკა, მაგრამ კლუბები მისმა 20-მილიონიანმა გამოსასყიდმა შეაშინა - ლაიფციგმა გარისკა.
ბუნდესლიგის დაპყრობა დიომანდეს ერთი სეზონი ბუნდესლიგაში შთამბეჭდავი გამოდგა და თავისი ბრწყინვალე თამაშით სეზონის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდოც დაიმსახურა. მთავარი ციფრები მისი 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა იყო. გასულ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში იამალი (27 - 16 გოლი, 11 ასისტი) იყო ერთადერთი 24 წლამდე ასაკის ფეხბურთელი, რომელმაც სულ მცირე 20 გოლში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები აშკარად ასახავს დიომანდეს მაღალ ხარისხს, მისი თამაშის მხოლოდ გოლებსა და ასისტებამდე დაყვანა ნამდვილად არ იქნება სწორი.
ისევე როგორც ლეგანესში, დიომანდეს დინამიკამ, ეშმაკობამ და სიმამაცემ ის უდიდეს აქტივად აქცია. მას ერთპიროვნულად შეეძლო გუნდის ამოყვანა რთული სიტუაციიდან ან მეტოქისთვის საფრთხის შექმნა. მან ზრდა განაგრძო, გააუმჯობესა საბოლოო პროდუქტიულობა - ოღონდ ამჯერად უკეთეს გუნდში.
რაც შეეხება ბურთით თამაშისას მის პოზიტიურ განწყობასა და გაბედულებას, მან ეს ესპანურ მოკლე პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო გააღრმავა. დრიბლინგის მცდელობები 90 წუთში 7.7-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ბუნდესლიგაში (900+ წუთი ითამაშა) - ხოლო 55.4%-იანი წარმატების მაჩვენებელი მეოთხე იყო იმ 68 მოთამაშეს შორის, ვისაც საშუალოდ 2.0-ზე მეტი დრიბლინგი ჰქონდა.
დიომანდეს ტალანტის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ის თანაბრად ძლიერია ორივე ფეხით და საშიშია როგორც მჭიდრო სივრცეებში, ასევე დიდ დისტანციებზე. ის შეიძლება იყოს აქტივი როგორც სწრაფ კონტრშეტევებზე მოთამაშე გუნდისთვის, ასევე პოზიციურად დომინანტი კლუბისთვის, რომელიც მეტოქის საჯარიმოსთანაა დაბანაკებული.
მაგალითად, მან შეასრულა 21 ბურთის წაღება საჯარიმოში შეჭრით (შვიდით მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის ნებისმიერ სხვა მოთამაშემ), 29 დრიბლინგი უშუალოდ საჯარიმოში (მეორე ადგილი ლუის დიასის შემდეგ - 30) და 29 მრავალჯერადი დრიბლინგი (ანუ ერთ რეიდზე ერთზე მეტი მეტოქის მოტყუება), რაც 10-ით მეტი იყო ნებისმიერ სხვაზე. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს მის ხარისხს მჭიდრო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ მის თვითრწმენაზე.
რაც შეეხება დიდ დისტანციებზე გამოყენებას, პირველ რიგში, მის მიერ ბურთის 10+ მეტრით წინ წაღების 174 შემთხვევა მინიმუმ 13-ით მეტი იყო, ვიდრე ბუნდესლიგის ნებისმიერი სხვა მოთამაშის მაჩვენებელი, ხოლო დრიბლინგით ბურთის წაღების საშუალო მანძილი 12.1 მეტრს შეადგენდა (მესამე ყველაზე გრძელი დისტანცია იმ 47 მოთამაშეს შორის, ვისაც 50+ დრიბლინგი ჰქონდა).
ასევე სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად ხშირად იყენებს თავის ტალანტს თანაგუნდელების დასახმარებლად. ახალგაზრდა, ენერგიული შემტევები ხშირად ასოცირდებიან ეგოისტურ ტენდენციებთან, როგორიცაა ბევრი დარტყმა მაშინ, როცა უკეთესი ვარიანტები არსებობს. მაგრამ დიომანდე აქ ზრდასრულ აზროვნებას ავლენს. მაგალითად, მან ბურთის წაღების შემდეგ 12-ით მეტი მომენტი შექმნა (32), ვიდრე თვითონ დაარტყა (20). და უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მისი 1.9 დარტყმა 90 წუთში ოდნავ ჩამოუვარდებოდა ღია თამაშიდან შექმნილ 2.0 მომენტს.
განსაკუთრებით გამაკვირვა იმან, თუ რამდენად ცოტა პასი გააფუჭა
თქვა ხიმენესმა.
ეს მნიშვნელოვანი დეტალია. გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 900+ წუთის მქონე თავდამსხმელებს, ფლანგელებსა და შემტევ ნახევარმცველებს შორის პასების სიზუსტის საშუალო მაჩვენებელი 75.0% იყო; დიომანდეს მაჩვენებელმა 84.0% შეადგინა, რაც მეცხრე ყველაზე მაღალი შედეგი გახლდათ.
ამან შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ის ყოველთვის ფრთხილად თამაშობს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. მისი მოსალოდნელი ასისტები (xA) ღია თამაშიდან (ჩაწოდებების ჩათვლით) იყო 10.1, რაც მხოლოდ ოლისეს (15.9) მაჩვენებელს ჩამოუვარდებოდა; მან მეოთხე ადგილი დაიკავა ღია თამაშიდან შექმნილი მომენტებით (50); ხოლო მისი 35 მეორადი შექმნილი მომენტი (პასი პასამდე, რომელიც ქმნის შანსს) მესამე საუკეთესო შედეგი იყო.
ეჭვგარეშეა, რომ დიომანდე საკვანძო ფიგურა იყო ლაიპციგის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში.პროგრესს, რომელსაც მან ესპანეთის დატოვების შემდეგ მიაღწია, შთამბეჭდავია. მან აშკარად მნიშვნელოვნად დახვეწა დარტყმა და გადაწყვეტილებების მიღება - რთული წარმოსადგენია, მისი შრომისმოყვარეობა და სწავლის სურვილი ჟოზე მოურინიოს თვალთახედვის არედან გამოეპაროს.
რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი სრულიად განსხვავებული გარემოა, ვიდრე მსოფლიო ფეხბურთის თითქმის ნებისმიერი კლუბი. სხვაგან წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მზად ხარ ბერნაბეუზე სათამაშოდ, სადაც სუპერვარსკვლავებსა და ეგოების ჭიდილია.
მაგრამ დიომანდეში არის რაღაც განსაკუთრებული, როგორც მისი შესაძლებლობების, ასევე მისი დამოკიდებულების თვალსაზრისით. თუ ის შეძლებს კლუბის კულტურასთან შეგუებას და გაუმკლავდება წნეხს, რაც ასეთ ინსტიტუციაში თამაშის განუყოფელი ნაწილია, სრულიად რეალურია, მადრიდმა ის უმაღლეს წერტილამდე მიიყვანოს. ამისთვის კი სამეფო კლუბს არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები