ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი ოცნება უსმან ნურმაგომედოვის UFC-ში გადასვლა და ჩემპიონობაა.
მას შემდეგ, რაც უსმანმა PFL-ში თავისი ბოლო კონტრაქტის ბოლო ბრძოლა პირველივე რაუნდში გამარჯვებით დაასრულა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC-ს ხელმძღვანელმა დანა უაითმა მასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
მახაჩევმა განაცხადა:
ახლა კარგი დროა უსმანისთვის, რომ "ნამდვილ ჯუნგლებში" გადავიდეს. PFL-ში ან MVP-ში მისთვის მოწინააღმდეგეებს ვერ ვხედავ... UFC-ში მისთვის ბევრი კარგი მეტოქეა და ის ორგანიზაციაში ძალიან სწრაფად გაიზარდება.
მსუბუქი წონის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ უსმანს შეუძლია დებიუტიდანვე ისეთ მებრძოლებს დაუპირისპირდეს, როგორიც ილია თოფურია ან არმან ცარუკიანი არიან. პარალელურად, უსმანი მახაჩევის მომზადებაში ერთვება, რათა იენ მაჩადო გარის წინააღმდეგ გასამართი ტიტულის დაცვისთვის ბოლო კვირებში დაეხმაროს.