34 წლის ასაკში UFC-ის ბრაზილიელი მებრძოლი ალან ნასიმენტო გარდაიცვალა.
მებრძოლი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძილში გულის შეტევა დაემართა.
UFC-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
„ორშაბათს დილით, 3 აგვისტოს, ჩვენი საყვარელი უმსუბუქესი წონის მებრძოლი ალან ნასიმენტო საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ძილში გულის შეტევა გადაიტანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.
ჩვენი ფიქრები და გულწრფელი სამძიმარი ალანის ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებსა და ყველა ახლობელს ამ უმძიმეს პერიოდში.“
ჩარლზ ოლივეირა ახლო მეგობრისა და თანაგუნდელის, ალან ნასიმენტოს გარდაცვალებას გამოეხმაურა:
„დღეს დავკარგე ძმა, რომელიც ამ სპორტმა მაჩუქა.
სამუდამოდ მადლობელი ვიქნები, რომ ერთად ვვარჯიშობდით, ერთ ტატამიზე ვიდექით და ამდენი რამ გავიარეთ.
მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყავი, ვარჯიშებზე, ჩვენს კუთხეში და ყველა იმ მომენტში, რომელიც ერთად გავატარეთ.
მიყვარხარ, ძმაო. საოცარი ადამიანი იყავი. ვერ ვიჯერებ. ძალიან დაგვაკლდები.“
ალან ნასიმენტოსა და ჩარლზ ოლივეირას ამ შაბათს, ვირჯინიაში, ერთობლივი სემინარის ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი.
ალან ნასიმენტოს პროფესიულ MMA-ში 22 გამარჯვება (მათგან 17 ვადამდე, მათ შორის 16 საბმიშენით) და 7 მარცხი ჰქონდა. UFC-ში (მათ შორის Dana White's Contender Series) მისი რეკორდი 4 გამარჯვება და 3 მარცხი იყო.