გასულ დეკემბერს, UFC 323-ზე პიოტრ იანთან მარცხისა და საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილი ტრილოგიისთვის აქტიურად ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ შონ ომალი UFC-ს ამ ბრძოლის ჩანიშვნისგან აფრთხილებს და იანთან თავად სურს შეხვედრა, 35 წლის ქართველი აცხადებს, რომ რუსთან სრულფასოვან საწვრთნელ ბანაკს უკვე გადის.
„წინა ჯერზე პიოტრთან ბრძოლამდე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, ახლა კი ჭკვიანურად ვვარჯიშობ“, - აღნიშნა მერაბმა.
ტრილოგიისთვის მოსამზადებლად ქართველმა მებრძოლმა ახალი ნაბიჯი გადადგა და გუნდში ჭიდაობის მწვრთნელი, სახელად ჯესი აიყვანა. დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან ლას-ვეგასში ინდივიდუალურ ვარჯიშებს გადის. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მერაბმა მწვრთნელების ძიების მიზნით, ინტერნეტში საკუთარი მობილურის ნომერიც კი გაასაჯაროვა.
ჭიდაობის ახალი მწვრთნელის აყვანა ლოგიკურია იმის ფონზე, რომ იანთან წინა დაპირისპირებაში დვალიშვილმა 29 თეიქდაუნი სცადა და მხოლოდ 2 შეასრულა წარმატებით. თავად იანმა კი 9 ცდიდან 5-ჯერ მოახერხა ქართველის წაქცევა და დგომშიც დომინირებდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიმართება მებრძოლებს შორის რიგით მესამე დაპირისპირება.