UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ PFL-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის, უსმან ნურმაგომედოვის დამატება სურს.
ბელგრადში გამართული UFC-ის ტურნირის შემდეგ პრესკონფერენციაზე უაითმა აღნიშნა, რომ უსმანის ორგანიზაციაში გადაყვანით სერიოზულად არის დაინტერესებული.
1 აგვისტოს, PFL-ის ტურნირზე ნურმაგომედოვმა ერჩი კოლგანი პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. ეს უსმანისთვის კარიერაში 22-ე გამარჯვება (0 მარცხი) და PFL-თან მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო ბრძოლა იყო.
ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი UFC-ის მოქმედი მებრძოლის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ნათესავია.
უსმანის UFC-ში შესაძლო გადმოსვლაზე კომენტარი ხაბიბმაც გააკეთა:
„უსმანმა ბოლო წყვილი წლის განმავლობაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ UFC-ის გარეთ საუკეთესო მსუბუქწონოსანია. სიტყვებით კი არა, საკუთარი გამოსვლებით. 2020 წელს ისლამზე [მახაჩევზე] რომ ვიძახდი, იმ მომენტისთვის საუკეთესოა-მეთქი, ბევრი არ მეთანხმებოდა. მერწმუნეთ, ხალხო, ამ თამაშში დონეები არსებობს.
რა იქნება შემდეგ, ამას თავად ნახავთ - მომდევნო თვეში მოლაპარაკებები გველოდება და ძალიან მალე შეიტყობთ, რომელ ლიგაში გააგრძელებს ის ასპარეზობას.
ჩემი მხრივ, მინდა მადლობა გადავუხადო PFL-ს და პირადად მაიკ კოგანს მებრძოლებისადმი ზრუნვისა და დამოკიდებულებისთვის. სიტყვებით ვერ აღვწერ, მთელი გუნდი როგორ მადლიერი ვართ ამ ლიგისა და მთელი პერსონალის მათი შრომისა და დამოკიდებულებისთვის."