ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ვილიარეალი დაამარცხა.
შეხვედრა ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, რეალმა დაწინაურება მეორეს დაწყებისთანავე მოახერხა — 47-ე წუთზე ვინისიუსის გარღვევის შემდეგ, საჯარიმოში გაუგებრობით ყველაზე კარგად მბაპემ ისარგებლა, რომელმაც ახლოდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
გაშვებულმა გოლმა თამაში დიდად არ გახსნა — ვილიარეალს ერთი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა, სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, ხერარდ მორენომ ახლო მანძილიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა.
ბოლოს რეალი ბურთის გაკონტროლებაზე აკეთებდა აქცენტს და თითქოს, საქმე მინიმალურ გამარჯვებამდეც მიჰყავდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კილიან მბაპემ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე, პანენკას სტილში შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მასპინძელთა რიგებში მატჩი სასტარტოში დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მოედანზე 77 წუთი გაატარა, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ მიუღია და გამოცემა FootMob-ისგან 5.8 შეფასება მიიღო.
რეალმა 51 ქულა დააგროვა და მინიმუმ ბარსელონას მატჩამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა, ვილიარეალს კი 41 ქულა დარჩა და გუნდი მე-4 ადგილზე ჩამოჩოჩდა, მესამეზე ამჟამად ატლეტიკოა, რომელსაც იმდენივე ქულა, თუმცა ცოტათი უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს.