არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით მნიშვნელოვანი მატება მიიღო.
ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან ხელშეკრულება 2030 წლამდე გაახანგრძლივა. The Times-ის ცნობით, ახალი ოთხწლიანი შეთანხმება არტეტას ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს.
ამიერიდან არტეტას წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება. ძირითადი ხელფასი დაახლოებით 20 მილიონ ფუნტს შეადგენს, დანარჩენი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
წინა ხელშეკრულებით, რომლის ამოწურვამდეც ერთი წელი იყო დარჩენილი, ესპანელის შემოსავალი ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ფუნტს შეადგენდა.
მიკელ არტეტა 2019 წლის დეკემბრიდან იკავებს არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტს და ინგლისის ოთხი უმაღლესი დივიზიონის მწვრთნელებს შორის კლუბში ყველაზე დიდხანს მუშაობს.
გასულ სეზონში მეთოფეებმა მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიპოვეს.