მადრიდის რეალის ოფიციალურმა გვერდმა ატლეტიკოსთან მატჩის შეჯამება გამოაქვეყნა, რომელშიც მსაჯების კრიტიკაცაა.
„მადრიდის რეალი მეტროპოლიტანოზე გამართულ დერბიში დამარცხდა. შეხვედრა მსაჯ ორტის არიასის კატასტროფული მსაჯობით გამოირჩეოდა, მან პირველ ტაიმში კუტი რომერო არ გააძევა, რომელმაც ბელინგემს მუხლზე დააბიჯა (მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა), ასევე მოედანზე დატოვა კან-ინ ლი, რომელმაც ვალვერდეს მარცხენა კოჭზე დააბიჯა.
ორივე გადაწყვეტილება გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, მეორე ტაიმში მატჩის ბედი ატლეტიკოს სასარგებლოდ გადაწყდა.
პირველი ნახევარი საათის განმავლობაში შეხვედრაში სახიფათო მომენტები თითქმის არ ყოფილა, თუმცა ამის შემდეგ დერბის მთავარი თემა საკამათო ეპიზოდები გახდა.
35-ე წუთზე, სადავო ბურთზე ბელინგემმა კუტი რომეროს დაასწრო, რის შემდეგაც ატლეტიკოს მცველი მას მარცხენა მუხლში გაშლილი ფეხით მოხვდა.
ორტის არიასმა თავდაპირველად ყვითელი ბარათი ჩვენს ფეხბურთელს უჩვენა, თუმცა VAR-ის მსაჯმა ტრუხილიო სუარესმა მთავარ არბიტრს ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმებისკენ მოუწოდა.
ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა ბელინგემს ყვითელი ბარათი გაუუქმა, მაგრამ კუტი რომეროს გაძევების ნაცვლად მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
9 წუთის შემდეგ მსაჯმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, კან-ინ ლის ვალვერდეს წინააღმდეგ უხეში ვარდნა დაუსჯელი დატოვა.
კორეელი ფეხბურთელი ვალვერდეს მარცხენა კოჭში გაშლილი ფეხით მოხვდა. ორტის არიასი ეპიზოდთან ახლოს იმყოფებოდა, თუმცა ატლეტიკოს ფეხბურთელს არც წითელი და არც ყვითელი ბარათი უჩვენა. ამჯერად მას არც ტრუხილიო სუარესმა მიმართა VAR-დან.
50-ე წუთზე ორტის არიასმა ჯულიანოს წინააღმდეგ ჰუისენის დარღვევისთვის პენალტი დანიშნა და რეალის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ტრუხილიო სუარესის მითითების შემდეგ მან ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა და ამჯერად ჰაუსენის გაძევება გადაწყვიტა. გრიმალდომ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახადა.
59-ე წუთზე ჯონათან დევიდმა ატლეტიკოს უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0.
76-ე წუთზე რეალს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, როდესაც დიომანდე ობლაკთან პირისპირ დარჩა, თუმცა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა.
ჩვენმა გუნდმა გოლის გატანა საბოლოოდ 89-ე წუთზე მოახერხა, ბერნარდოს მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ რუდიგერმა თავური დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა.
დარჩენილ დროში მოურინიოს გუნდი აქტიურად ცდილობდა გათანაბრებას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია." - წერია რეალის ოფიციალური გვერდის შეჯამებაში.
VIDEO: მოურინიომ პირველი დიდი ტესტი ჩააგდო - მადრიდული დერბი ატლეტიკომ მოიგო