-
Aa
+
ფონტის ზომა
თუმცა, ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა.
ლიონელ მესი, თავის ახალგაზრდობასთან შედარებით, ნაკლებად ათლეტურია, მაგრამ მისი საფეხბურთო ინტელექტი ფიზიკურ კლებას სრულად აკომპენსირებს.
როდესაც ინგლისმა დაღლილობისა და თომას ტუხელის მიერ განხორციელებული ტაქტიკური ცვლილებების გამო თამაშზე კონტროლი დაკარგა, ვეტერანმა მესიმ მოედანზე ავტორიტეტულად დაიწყო გადაადგილება და ფაქტობრივად არგენტინის მოედანზე მყოფი მწვრთნელის როლი მოირგო.
როგორ იპოვა და გამოიყენა მესიმ ინგლისის სუსტი წერტილები ატლანტაში არგენტინის გამარჯვების მისაღწევად?
პირველ ტაიმში ინგლისი ცდილობდა არგენტინისთვის მაღალი პრესინგი ეთამაშა.
შემტევებს, ენტონი გორდონსა და მორგან როჯერსს, დავალებული ჰქონდათ არგენტინის ცენტრალურ მცველებზე პრესინგის განხორციელება, თანაც ისე, რომ სხეულის პოზიციით მეკარე ემილიანო მარტინესსა და ცენტრალურ მცველებს, კრისტიან რომეროსა და ლისანდრო მარტინესს, განაპირა მცველების მოძებნა გაძნელებოდათ.
არგენტინელებისთვის ყველაზე მარტივი პასები მოედნის ცენტრში ჩანდა, თუმცა ამ გადაცემებით ისინი თავიდანვე ინგლისის ხაფანგში გაებნენ.
ჯუდ ბელინგემი იმაზე ღრმად იდგა, ვიდრე ამას არგენტინა ელოდა. პრესინგის გაძღოლის ნაცვლად, მას ენცო ფერნანდესისთვის უნდა მიექცია დიდი ყურადღება. დეკლან რაისი იგივეს აკეთებდა ალექსის მაკ ალისტერთან, ხოლო ელიოტ ანდერსონი მესის პერსონალურად მეურვეობდა.
ინგლისს სურდა ფიზიკურად დაეჩაგრა არგენტინა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონები თავიანთ ცნობილ, ცენტრზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ.
ინგლისის ნახევარდაცვის ტრიომ, რომელმაც დასაწყისში დიდი ენერგია აჩვენა, კარგად შებოჭა არგენტინა. ანდერსონი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ორთაბრძოლებში ადრეულად შედიოდა და მესის კარგად ახშობდა.
თუმცა მესიმ, ისევე როგორც ფერნანდესმა და მაკ ალისტერმა, თამაშის შეგრძნება ნელ-ნელა აღადგინა.
არგენტინის კაპიტანმა უფრო ღრმა პოზიციების დაკავება დაიწყო, რამაც ანდერსონი დილემის წინაშე დააყენა - რამდენად შორს უნდა გაჰყოლოდა მას? მესის საფირმო, ნელი ნაბიჯით სიარული აქაც დიდებული მოტყუების იარაღი აღმოჩნდა.
ფაქტობრივად უმოძრაო პოზიციიდან მესი მოულოდნელად ფეთქდებოდა და ბურთისკენ მიიწევდა. ვინაიდან მცველებს ამ მოულოდნელ მოძრაობებზე რეაგირება უწევდათ, უპირატესობა სულ უფრო მეტად არგენტინის მხარეს გადადიოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინგლისის პრესინგი დაღლილობის ფონზე შესუსტდა.
ბურთისკენ დახეული მოთამაშეების დახმარებით, არგენტინამ შეძლო მოედანზე გუნდურად წინ წაწევა და კონტროლის მოპოვება.
ინგლისმა გოლი 55-ე წუთზე ენტონი გორდონის მეშვეობით გაიტანა და ლიდერობას ნახევარი საათის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ფერნანდესმა 85-ე წუთზე ბრწყინვალე საპასუხო გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც მესიმ ის საჯარიმოს მისადგომებთან შენიშნა. ამის შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლაუტარო მარტინესმა მესის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით თამაში მოიგო.
გორდონის გოლსა და არგენტინის საპასუხო გოლს შორის პერიოდში ინგლისი ბურთს მხოლოდ 12%-ით ფლობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი ღრმა დაცვაში გაატარეს.
ეს იქცა არგენტინის შეტევისა და ინგლისის დაცვის ორთაბრძოლად, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იღბლიანად იგერიებდა შეტევებს.
თუმცა, არგენტინა თავისას აგრძელებდა, მესიმ კი ინგლისის სტრუქტურაში არსებული სისუსტეები და კონკრეტული ფეხბურთელების ჩვევები საკუთარი გუნდის ქამბექის შთაგონებად გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც თამაშის ადრეულ ეტაპზე ანდერსონმა მესისთან გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მისი აგრესიული მიდგომა ნაკლებად ეფექტური გახდა, რადგან მესიმ უცებვე აუღო ალღო მეტოქის სტილს.
უფრო მეტიც, მესიმ ანდერსონის აგრესია მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ის ბურთს მაქსიმალურად დიდხანს ინარჩუნებდა, 23 წლის ფეხბურთელი თავისკენ მიჰყავდა, შემდეგ კი ბურთს ერთი შეხებით თანაგუნდელებს გადასცემდა, რადგან იცოდა, რომ ანდერსონის მიერ დატოვებულ ზონაში თავისუფალი სივრცე ჩნდებოდა.
პირველი გოლის ეპიზოდში მესიმ, მოკლე კუთხურის შემდეგ გათამაშებული გაორმაგებისას, კვლავ ისარგებლა ანდერსონის ორთაბრძოლებში შესვლის სურვილით.
როდესაც მესი ცენტრისკენ მიიწევდა, ანდერსონმა დატოვა თავისი ცენტრალური პოზიცია, რათა ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელს ორ კაცში დახვედროდა.
მესიმ გონივრულად დააყოვნა პასი და ბურთი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მოთამაშეები თავისკენ მიიზიდა. ამან ფერნანდესს უამრავი სივრცე მისცა, რათა ბურთი მიეღო, მიზანი აეღო და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ზუსტად დაერტყა კარში.
ინგლისი კონცენტრირებული იყო ცენტრალური სივრცის ჩაკეტვაზე, რათა დაეცვა ლიდერობა და ხელი შეეშალა არგენტინისთვის თავისი თამაშის ჩვენებაში.
მესიმ დატოვა ცენტრალური პოზიცია და იქ დადგა, სადაც სივრცე გაჩნდა. ინგლისის ღრმა და კომპაქტური დაცვის წინააღმდეგ, ეს თავისუფალი სივრცე იყო ან მოწინააღმდეგის ბლოკის წინ, ან მარჯვენა ფლანგის ხაზთან.
ამ ცარიელ სივრცეებში უმეთვალყურეოდ გადაადგილებით, მესი ან თავისუფლად იღებდა ბურთს და ჰქონდა დრო სათამაშოდ, ან თავისკენ იზიდავდა მეტოქის ფეხბურთელებს, რითაც ინგლისის დაცვის ხაზს არევდა და სივრცეს სხვა ზონებში ხსნიდა.
მისი პოზიციები არაპროგნოზირებადი იყო, მაგრამ ეს მას საშუალებას აძლევდა თამაშის კონტროლი თავისი ბრწყინვალე დრიბლინგითა და პასებით ხელში ჩაეგდო.
მიუხედავად იმისა, რომ ბელინგემი ამ ტურნირზე შეტევაში დიდებული იყო, ოთხშაბათს მისმა პოზიციურმა თამაშმა დაცვაში შექმნა სიტუაციები, რომლებმაც მესის სახიფათო შეტევების საშუალება მისცა.
4-4-2 განლაგების დროს, ახლოს მყოფ თავდამსხმელს ხშირად სთხოვენ ფლანგების დაცვაში დახმარებას. არგენტინის მარჯვენა ფლანგზე ეს სწორედ ბელინგემის საქმე უნდა ყოფილიყო.
მესიმ შენიშნა, რომ ბელინგემი ხშირად მაღლა რჩებოდა ან ბურთისკენ იწევდა და ეს მომენტი მის ზურგს უკან სივრცის ასათვისებლად გამოიყენა.
კერძოდ, ეს სივრცე იყო მარჯვენა მხარეს და იმდენად სიღრმეში, რომ ინგლისის ცენტრალურ ნახევარმცველებს მასთან მიახლოება უჭირდათ.
ამან არგენტინას შეტევების გაგრძელება გაუადვილა და მარჯვენა ფლანგზე რიცხვობრივი უპირატესობა შეუქმნა. მესი და მისი თანაგუნდელი ხშირად ორნი ორის წინააღმდეგ რჩებოდნენ, მაგრამ როდესაც ვინგერი და ფლანგის მცველიც უერთდებოდნენ მესის, იქმნებოდა სიტუაციები, სადაც არგენტინას სამი ორის წინააღმდეგ უპირატესობა ჰქონდა, რადგან ბელინგემი ფლანგზე ჩამოსვლას ვერ ასწრებდა.
ჩაწოდებების დროს არგენტინას საჯარიმოში ბევრი ფეხბურთელი შეჰყავდა, რაც ხსნის ტუხელის გადაწყვეტილებას ხუთ მცველზე გადასვლის შესახებ, მას საჯარიმოში რიცხვობრივი თანაფარდობის მიღწევა სურდა.
თუმცა, ინგლისის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება, გადასულიყო 5-3-2 განლაგებაზე, იდეალურად მოერგო იმ თამაშს, რომლის თამაშიც მესიმ გადაწყვიტა.
ვინაიდან ინგლისის ხუთი მცველი ღრმად იყო ჩაკეტილი, სამ ცენტრალურ ნახევარმცველს ძალიან გაუჭირდა მოედნის მთელი სიგანის კონტროლი. მესიმ ეს დაინახა და დაიწყო კარზე უფრო ახლოს თამაში, თუმცა ისევ მარჯვენა ფლანგის სიღრმიდან.
დეკლან რაისის შეცვლისა და ნიკო ო’რაილის შემოსვლის შემდეგ, ინგლისი 5-4-1 სქემაზე გადავიდა, რამაც ფლანგები უკეთ გადაკეტა. თუმცა ინგლისის პრობლემა კვლავ ბელინგემს უკავშირდებოდა, რადგან მას მისთვის უჩვეულო, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოუწია თამაში.
ამ პოზიციიდან ბელინგემის ბუნებრივი ინსტინქტი იყო საკუთარი კარისკენ დახევა, რის გამოც მას შემდეგ უფრო გრძელი სპრინტების გაკეთება უწევდა არგენტინელი ნახევარმცველების დასახვედრად საჯარიმოს გარეთ. ბელინგემს გაუჭირდა მათთან მიახლოება, რამაც არგენტინას საშუალება მისცა ბურთი მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ გადაეტანა, სადაც მესი თავის ჯადოქრობას აჩვენებდა.
ბელინგემის ღრმა პოზიციამ ფერნანდესს დრო და სივრცე მისცა შორიდან დასარტყმელად, ყოველგვარი პრესინგის გარეშე, რასაც მოჰყვა კუთხური, რომლიდანაც არგენტინამ ანგარიში გაათანაბრა.
ფერნანდესისა და მაკ ალისტერის როლების შეცვლით, ამ უკანასკნელისთვის საჯარიმოში ჩაწოდებებზე შესვლის უფლების მიცემით, მოედანზე საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი ნიკო გონსალესისა და ლაუტარო მარტინესის შემოყვანით, ასევე ფლანგზე როდრიგო დე პოლის ჩართვით, არგენტინა მოულოდნელად ყოველი შეტევისას საფრთხეს უქმნიდა ინგლისის კარს.
მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ და მესიმ ერთობლივად შექმნეს ისეთი შემტევი სქემა, რომელმაც მარტივი წვდომა მისცა მათ მარჯვენა ფლანგზე, საიმედო ჩაწოდებებითა და ძლიერი თავდამსხმელებით, და ეს უპირატესობა მათ თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ.
იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაღლილობას ებრძოდნენ, ბევრი მათგანი თავისი პოზიციიდან ამოვარდნილი იყო და უმკლავდებოდა შეტევებს, რომლებსაც მსოფლიოს ყველა დროის, შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთელი მართავდა, გასაკვირი არ არის, რომ არგენტინამ ამ ტურნირზე თავისი საუკეთესო შემტევი ფეხბურთი აჩვენა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

