რომან დოლიძე მიიჩნევს, რომ რეინიერ დე რიდერთან ქვემძიმე წონით კატეგორიაში გასამართი ბრძოლა სტილისტურად ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება.
38 წლის დოლიძე UFC-ში კარიერის უმეტესი ნაწილის საშუალო წონაში გატარების შემდეგ 205 ფუნტიან (93 კგ) დივიზიონში გადადის. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ეს წონითი კატეგორია მის ფიზიკურ მონაცემებს უკეთ შეესაბამება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში 185 ფუნტამდე (84 კგ) წონის დაკლება უწევდა.
როგორც დოლიძე, ისე 35 წლის დე რიდერი პირველ რიგში გრეპლინგის მაღალი დონით არიან ცნობილები. ქართველ მებრძოლს ეს დაპირისპირება განსაკუთრებით აინტერესებს და სურს დაამტკიცოს, რომ ამ ასპექტში მეტოქეზე უკეთესია.
„ვფიქრობ, სტილისტურად ეს ბრძოლა ძალიან საინტერესოა, რადგან ისიც ძალიან კარგი გრეპლერია,“ - განაცხადა დოლიძემ UFC Sacramento-ს მედია დღეზე.
მაღალი და ძლიერი ბიჭია, დგომშიც ცუდი არ არის. თუმცა ვფიქრობ, მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ. შევეჯიბრებით, ჩვენს გრეპლინგს შევადარებთ და ვნახოთ, რა მოხდება.
დოლიძეს დე რიდერთან ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ორივე საშუალო წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ქართველი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან საბოლოოდ ეს დაპირისპირება შედგება.
„205 ფუნტში რაღაცას, რამდენიმე კონკრეტულ სახელს ველოდებოდი და ის პირველი იყო, ვინც შემომთავაზეს. ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი,“ - დასძინა დოლიძემ.
მისი მეტოქეც ქვემძიმე წონით კატეგორიაში გადასვლას გეგმავს მას შემდეგ, რაც 185 ფუნტში ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო.
UFC Fight Night-ის მთავარი ქარდი, სადაც დოლიძე დე რიდერს დაუპირისპირდება, 23 აგვისტოს 04:00 საათზე დაიწყება.
რეინიერ დე რიდერი რომან დოლიძეს ემუქრება