-
Aa
+
ფონტის ზომა
35 წლის დე რიდერი (21-4 MMA, 4-2 UFC) კვრიას, UFC Fight Night 285-ის მთავარ ქარდზე რომან დოლიძეს (15-5 MMA, 9-5 UFC) დაუპირისპირდება. ღონისძიება კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში გაიმართება.
რაც შეეხება ზედიზედ ორ მარცხს, დე რიდერი დარწმუნებულია, რომ მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი წონის დაკლების მძიმე პროცესი იყო.
„არა, ძირითადად პრობლემა წონის დაკლება იყო,“ - განუცხადა დე რიდერმა MMA Junkie-ს.
ვიცი, რა შემიძლია. ბოლო ბრძოლაში ვერ შევძელი ისეთი ტემპით ბრძოლა, როგორიც მსურდა. ვერც გრეპლინგი გამოვიყენე იმდენად, რამდენადაც მინდოდა. კვირას კი დავუბრუნდები ყველაფერს, რაც ყველაზე კარგად გამომდის.
დე რიდერის მსგავსად, 38 წლის დოლიძეც ქვემძიმე წონით კატეგორიაში გადადის.
რა ცვლილებებით ხვდება RDR დოლიძესთან ბრძოლას?
„ეს იდეალური დაპირისპირებაა,“ - თქვა დე რიდერმა.
ამის შემდეგ გარკვეული დრო მექნება, რომ კიდევ მოვიმატო კუნთოვანი მასა. ამიტომ ამ ბრძოლით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის ვეტერანია, დიდი ხანია ამ სპორტშია. საშუალო წონაში დიდი ხნის განმავლობაში ტოპ-10-ში იყო და, დიახ, საინტერესო დაპირისპირებაა... არ ვიცი, უბრალოდ ვაპირებ, ის მოვკლა.
დე რიდერი საჩემპიონო ბრძოლის კანდიდატობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბრენდან ალენთან და კაიო ბორალიოსთან მარცხებმა მისი წინსვლა შეაფერხა. ახლა ის ქვემძიმე წონაში იმავე პოზიციიდან გაგრძელებას გეგმავს, სადაც ადრე შეჩერდა.
„ამ სპორტში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება ყოველთვის გვიწევს,“ - თქვა დე რიდერმა.
ყოველი მომდევნო ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, თუ მის დასრულებას შევძლებ, განსაკუთრებით კი თუ ამას შთამბეჭდავად გავაკეთებ, შემდეგ ტოპ-10-ის მებრძოლს შევხვდები. ვფიქრობ, ყველაფერი ჩემს ხელშია. თუ იმას გავაკეთებ, რაც ვიცი, რომ შემიძლია, მალე მოწინავე პოზიციებზე ვიქნები.
ხშირი ბრძოლები და წონის მუდმივი დაკლება დე რიდერის შესაძლებლობებზე უარყოფითად მოქმედებდა, თუმცა ახლა, როდესაც მას დაახლოებით 20 ფუნტით (9 კგ) ნაკლების დაკლება მოუწევს, აქტიური გრაფიკის გაგრძელებას გეგმავს.
„დიახ, ამ ტემპით გაგრძელებას შევძლებ, რადგან ახლა ბევრად უკეთ აღვიდგენ ძალებს,“ - თქვა დე რიდერმა.
ვფიქრობ, UFC-ში აქტიურობა და იმის ჩვენება, რომ ყოველთვის მზად ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოიყენო შესაძლებლობები, რომლებიც გეძლევა. მეც ვგეგმავ, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე მალე დავბრუნდე.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები