კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრს უბრუნდება და 1000-გოლიან ნიშნულს უტევს
კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოიშუშა, მოედანს უბრუნდება და კარიერაში 1000 გოლის გატანისკენ სვლას აგრძელებს. პორტუგალიელი ვარსკვლავი სრულ მზადყოფნაშია და ის უკვე შეიყვანეს ალ-ნაჯმასთან თამაშის განაცხადში.
რონალდუმ ბევრი იშრომა ფორმის აღსადგენად მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ალ-ფეიჰასთან მატჩში კუნთი დაიზიანა. მარჯვენა ბარძაყის ტრავმის გამო მან მთელი მარტის თვე გამოტოვა.
საინტერესოა, რომ თავისი ბოლო გოლი მან სწორედ დღევანდელ მეტოქეს, ალ-ნაჯმას გაუტანა. ეს 41 წლის ფორვარდისთვის კარიერაში რიგით 965-ე გოლი იყო. რონალდუ ბრუნდება, რათა ჟოაუ ფელიქსსა და სხვა თანაგუნდელებს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმაროს. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, ჟორჟე ჟესუსის გუნდი 67 ქულით ლიდერობს ცხრილში და 3 ქულით უსწრებს სიმონე ინძაგის ალ-ჰილალს.