ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ნამდვილ ისტორიულ თრილერად იქცა, სადაც კეინმა თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება პარიზელებს დარჩათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა ხუთი გოლი გაუშვა, კეინმა მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის დაცვა შეაქო. მისი თქმით, ცხრა გატანილი გოლის მიუხედავად, მოედანზე დაცვა საოცრად თამაშობდა:
აქ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები და მცველები არიან. ხანდახან შემტევები თავის ხარისხს აჩვენებენ, მაგრამ მცველებმა ფანტასტიკურად იმუშავეს, მათ შორის ნახევარდაცვასა და ფლანგებზეც. ვფიქრობ, ისინი გამორჩეულები იყვნენ.
კეინს დაეთანხმა ვინსენტ კომპანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი დონის შემტევების წინააღმდეგ შუალედური ვარიანტი არ არსებობს - ან სრულ შეტევაზე უნდა გადახვიდე, ან ბოლომდე უკან დაიხიო.
უეინ რუნი, კატეგორიულად არ დაეთანხმა ამ შეფასებებს:
მე მიყვარს ჰარი კეინი, მაგრამ გამორიცხულია მცველების შექება. შესაძლოა ამას იმიტომ აკეთებს, რომ თანაგუნდელებს მომავალი კვირისთვის თავდაჯერებულობა შემატოს. სიმართლე ისაა, რომ ორივე გუნდი დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობდა. ორივე მხარეს იმდენად დიდი ხარისხი იყო შეტევაში, რომ დაცვა, სავარაუდოდ, საერთოდ დაავიწყდათ.
მან ასევე დაამატა, რომ თამაში ქაოსური იყო და ლუის ენრიკეს 5:2-ზე გუნდი უნდა ჩაეკეტა, ნაცვლად იმისა, რომ მეტი გოლის გასატანად წასულიყო.