რომასთან გასამართი პრინციპული დაპირისპირების წინ, უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელი ჟურნალისტების მთავარი ინტერესის საგანი გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო პოზიცია იყო.
მედიას აინტერესებდა, ვიხილავდით თუ არა ქართველს კვლავ სიღრმიდან მოთამაშე ნახევარმცველად, როგორც ეს პარმასთან 5-2-3 სქემაში მოხდა.
გერმანელმა სპეციალისტმა ჩაკვეტაძის მრავალმხრივობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გიორგის როგორც შემტევად, ისე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში ერთნაირად კარგად შეუძლია. რუნიაიჩის თქმით, ქართველი მოთამაშე მინდორზე ბევრს მოძრაობს, ბურთის მიღება ეხერხება და მისი თავდაჯერებულობა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მწვრთნელმა ისიც დააზუსტა, რომ ჩაკვეტაძის საყრდენ ზონაში დაწევა გარკვეულწილად იძულებითი ნაბიჯიც იყო, რადგან პიოტროვსკი 90 წუთის სათამაშოდ ბოლომდე მზად არ არის, თავად გიორგის კი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა და ახლა უკეთ ეცნობა მის შესაძლებლობებს. რუნიაიჩის განცხადებით, სანაკრებო პაუზამდე გუნდს რომასა და ვენეციასთან ორი გადამწყვეტი მატჩი ელის და პარმასთან შეხვედრის შემდეგ ტაქტიკაში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.
სამწუხაროდ, უდინეზე მიმდინარე სეზონს საკმაოდ არასტაბილურად ატარებს და ამ დროისთვის 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზე იმყოფება.