ერლინგ ჰალანდის სახე არაერთხელ გამოჩენილა ბილბორდებზე, საკოლექციო ბარათებსა და ტელეეკრანებზე. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის სოციალურ ქსელებშიც ნამდვილ ფენომენად იქცა.
ახლა კი ეკვადორის პოლიციამ მისი გამოსახულება სრულიად მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინა - მწვანე, მართკუთხა შეფუთვებზე, რომლებშიც კოლუმბიის საზღვართან სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი კოკაინის დიდი პარტია იყო მოთავსებული.
პოლიციის განცხადებით, 469 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს, ავტომობილის მძღოლი კი დააკავეს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლები პანამერიკულ გზატკეცილზე ოპერაციას ატარებდნენ, რომელიც ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მათ საეჭვო სატვირთო ავტომობილი შენიშნეს და ჩხრეკისას მის ორმაგ ფსკერში დამალული 370 შეფუთვა აღმოაჩინეს.
პოლიციამ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ იღებენ შეფუთვებს სატვირთოს საიდუმლო განყოფილებიდან. პაკეტებზე მკაფიოდ ჩანს ჰალანდის გამოსახულებიანი სტიკერები.
ამოღებული ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება ეკვადორის შიდა ბაზარზე თითქმის 842 000 დოლარია, აშშ-ში - 11 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ევროპაში - 19.6 მილიონ დოლარზე მეტი.
პოლიციას არ განუმარტავს, რატომ იყო კოკაინის შეფუთვებზე ქერათმიანი ნორვეგიელი თავდამსხმელის გამოსახულება დატანილი. თუმცა ნარკომოვაჭრეებისთვის გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ტვირთებს ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა ვარსკვლავების სახელებითა თუ გამოსახულებებით ნიშნავენ.
ჰალანდი ერთადერთი საფეხბურთო ვარსკვლავი არ არის, რომლის გამოსახულებაც ნარკოტიკების კონტრაბანდისტებმა გამოიყენეს, ადრე ამოღებულ სხვა შეფუთვაზე ლიონელ მესის ფოტოც აღმოაჩინეს.
