-
Aa
+
ფონტის ზომა
UEFA-ს ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების სამივე მეტოქეს „ჯვაროსნები“ აქამდეც შეხვედრიან, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ თუკი ათზე მეტჯერ გვითამაშია, უნგრელებს მხოლოდ ორჯერ შევხვდით, ჩრდილო ირლანდიელებს კი ერთადერთხელ და ისიც – ამხანაგურ მატჩში.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თბილისში ვიზიტით ბრიტანეთისა და ირლანდიის ხუთივე ეროვნულ ნაკრებს ექნება საქართველოში ნათამაშები.
გაერთიანებულ სამეფოში შემავალ ირლანდიელებს საქართველოს ეროვნული გუნდი 2008 წლის მარტში, ბელფასტის „უინძორ პარკზე“ შეხვდა და დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. საინტერესოა ის, რომ ხუთივე გოლი მასპინძლების ანგარიშზეა: დევიდ ჰილიმ, რომელიც ამ პატარა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა 36 გოლით, დავით მაკარიძესაც გაუტანა და საკუთარ კარშიც შეაგდო. იმავე მატჩში ლევან ცქიტიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მარცხი კი უკანასკნელი თამაში გამოდგა გერმანელი კლაუს ტოპმიოლერისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მოახლოებული ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩს, ჩრდილო ირლანდიელთა წინააღმდეგ, „ჯვაროსნები“ უმაყურებლოდ ჩაატარებენ და ჩვენი ნაკრების ისტორიაში ეს რიგით მე-15 მატჩი იქნება, რომელსაც გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
ეროვნული გუნდი, ისევე როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი, ერთა ლიგის მეორე საშინაო შეხვედრაში ნავსის გატეხვის იმედადაა – უკრაინა ხომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა და ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების მოლოდინში ვართ.
საინტერესოა, რომ უკრაინელთა წინააღმდეგ გამართული წინა 11 მატჩიდან ხუთში საქართველომ გოლის გატანა ვერ შეძლო, სხვა შეხვედრებში კი 7 ქართველ ფეხბურთელს აქვს მეტოქის კარში ბურთი გატანილი და ყველა მათგანს თითო. ესენი არიან: ლადო ბურდული (2002), გოგა გახოკიძე (2005), შოთა არველაძე და გიორგი დემეტრაძე (2006), დავით სირაძე (2007), მათე ვაწაძე (2015), გიორგი მიქაუტაძე (2024).
საპასუხოდ, უკრაინელების მიერ ჩვენ წინააღმდეგ გატანილი 18 გოლიდან 3 სერგეი რებროვს ეკუთვნის, 2-2 გოლი კი – ანდრეი შევჩენკოსა და რუსლან როტანს.
2001 წლის ივნისს, ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი მასპინძლებთან საქართველომ პირწმინდად, 1:4 წააგო, სამაგიეროდ, იმავე წლის სექტემბერში განმეორებითი შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა და 3:1 მოიგო, რაც ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში და გამარჯვებაა.
საინტერესოა საქართველოს კარში გატანილი გოლების ავტორთა მაჩვენებელიც: პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ატილა კორშოშმა, რომელსაც პირად აქტივში სულ 3 სანაკრებო გოლი აქვს. მისნაირად სამ გოლზე დაამთავარა კარიერა იანუშ მატიუშმაც, რომელმაც ასევე ორი გოლი გაგვიტანა, ოღონდ, ერთი – ბუდაპეშტში, მეორე – თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში განცდილი მარცხისას, რასაც დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის ტანდემის ნაკრებიდან წასვლა მოყვა, ერთადერთი გაქვითული ბურთი ლევან კობიაშვილისთვის სადებიუტო გოლი იყო ნაკრების რიგებში.
სხვათა შორის, უნგრეთთან წაგება დავით ყიფიანისთვის სიცოცხლეშიც უკანასკნელი მატჩი გამოდგა, რადგან გადადგომიდან რამდენიმე თვეში ავტოავარიას ტრაგიკულად ემსხვერპლა.
ჩრდ. ირლანდია, უკრაინა, უნგრეთი - საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები