ლა ლიგის კლუბების ფეხბურთელებმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს.
როგორც იცით, ლა ლიგამ გადაწყვიტა, სეზონის რამდენიმე მატჩი ესპანეთის ფარგლებს გარეთ, კერძოდ მაიამიში ჩაატაროს. პირველი ასეთი შეხვედრა ვილიარეალი - ბარსელონა უნდა გახდეს - ნომინალური მასპინძელი ვილიარეალი ბარსას მაიამიში უმასპინძლებს.
არაერთმა ფეხბურთელმა აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა, მათ შორის - ბარსელონას ვიცე-კაპიტანმა ფრენკი დე იონგმაც. ფეხბურთელების აზრით, შუა სეზონში ამხელა ფრენა და მატჩის სხვა კონტინენტზე ჩატარება ზედმეტად დიდი დატვირთვაა და არანაირი საჭიროება არ აქვს.
დღეს 20-ვე კლუბის კაპიტანი შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლა ლიგის ეს სურვილი მოახლოვებული უიქენდის მატჩებზე გააპროტესტონ.
შედეგად, ლა ლიგის ფეხბურთელები ამ ტურის მატჩებში სასტარტო სასტვენიდან პირველი 15 წამის განმავლობაში თამაშზე სრულ უარს იტყვიან და საკუთარ პროტესტს სწორედ ასე დააფიქსირებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა.