ბარსელონას და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის უთანხმოება გრძელდება.
გერმანელ გოლკიპერს სამწვრთნელო შტაბმა უთხრა, რომ ახალი სეზონისთვის მასზე იმედებს არც პირველ და არც მეორე მეკარედ არ ამყარებენ და უმჯობესი იქნება, თუ ის კლუბს დატოვებს.
ტერ შტეგენის წასვლის გარეშე, ბარსელონა ლა ლიგაში გუნდის ახალი მეკარის, ჟოან გარსიას დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს.
გერმანელმა წასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მალევე დადასტურდა, რომ ზურგის პრობლემების გამო ოპერაცია სჭირდება და 4-5 თვეს გამოტოვებს. ლა ლიგის წესების თანახმად, თუ ფეხბურთელს 4+ თვიანი ტრავმა აქვს, მისი განაცხადიდან ამოშლა და სხვა ფეხბურთელის ჩამატება შეიძლება.
ბარსელონას სურდა, რომ ასეც მოქცეულიყო. მითუმეტეს, რომ ტერ შტეგენი ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა. თუმცა, დღეს გაკეთებულ განცხადებაში, თავად ფეხბურთელმა დასძინა, რომ სრული რეაბილიტაციისთვის 3 თვე დასჭირდება.
როგორც კატალონიური პრესა იტყობინება, 3 თვეს მეკარემ ხაზი შეგნებულად გაუსვა და ამით კლუბს მიანიშნა, რომ დროებით განაცხადიდან ამოშლის ნებას არ დართავს.
ბარსელონას სამედიცინო შტაბი ამტკიცებს, რომ მსგავსი ოპერაციის შემდეგ სრულ რეაბილიტაციას 4-5 თვე დასჭირდება, თუმცა თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ 3 თვეში მზად იქნება სათამაშოდ და კლუბს ლა ლიგიდან ამოშლის უფლებას არ აძლევს.
სამ თვეში დავბრუნდები.
„ძვირფასო კულეებო. ბარსელონას ფერებს დიდი სიამაყით ვატარებ მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც, წარმატებების დროსაც და რთულ პერიოდებშიც. დღეს ჩემთვის ნამდვილად რთული პერიოდია.
ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვარ, თუმცა ტკივილისგან ვერ გავთავისუფლდი. ბარსელონას სამედიცინო ექიმებთან და გარე ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ საუკეთესო გამოსავალი წელის ოპერაცია იქნება.
წელზე გაკეთებული ბოლო ოპერაციიდან დაბრუნება 66 დღეში შევძელი - თითქმის ორ თვეში. ამჯერად, ექიმებმა მითხრეს, რომ სამი თვე მჭირდება, რათა ყველანაირი რისკი ავირიდო.
ემოციურად, ჩემთვის ძალიან რთულია, რომ გუნდს ამდენი ხნით გამოვაკლდები. საბედნიეროდ, რეაბილიტაცია კონტროლირებადი იქნება და ჩემი გზა დაბრუნებისკენ - ნათელია.
ჩემს ტრავმაზე სიახლეებს შეგატყობინებთ და მინდა ყველა კულეს მადლობა გადაგიხადოთ ჩემი გვერდში დგომისთვის.
ნუ ღელავთ - დავბრუნდები. თქვენი მარკი." - წერს სოციალურ ქსელში გერმანელი.
არაერთმა კატალონიურმა გამოცემამ თავისი გაკვირვება და აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ მეკარემ საჯაროდ ილაპარაკა რეაბილიტაციის ვადაზე, რასაც, როგორც წესი, ფეხბურთელები არ აკეთებენ.
ზაფხულის დასაწყისში კლუბი გერმანელს კონტრაქტის გაწყვეტას და ერთი წლის ხელფასის სრულად დაფარვას სთავაზობდა, თუმცა ტერ შტეგენი უარზეა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული სამივე წლის ხელფასის მიღება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც სხვაგან გადასვლას განიხილავს და არც ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტას.
ფინანსური პრობლემების გამო, ბარსელონა ამჟამინდელი მოცემულობით ლა ლიგაში ვერც ჟოან გარსიას და ვერც მარკუს რაშფორდს ვერ დაარეგისტრირებს.
ტრავმის გამო ფეხბურთელის განაცხადიდან დროებით ამოშლა ბარსელონაში ნაცადი პრაქტიკაა - ანალოგიურად მოიქცა კლუბი 2024 წლის ზაფხულში, როცა ანდრეას კრისტენსენის ხანგრძლივი ტრავმის დადასტურების შემდეგ, მისი ადგილი ლა ლიგის განაცხადში 31 დეკემბრის ჩათვლით დანი ოლმომ დაიკავა. ანალოგიურის გაკეთება ტერ შტეგენისა და ჟოან გარსიას შემთხვევაში, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.