საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
ლუქსემბურგი 0-3 საქართველო (2001)
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2001 წელს შედგა. ეროვნული გუნდის მწვრთნელი მაშინ ალექსანდრე ჩივაძე იყო, შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა:
გვარამაძე; ქემოკლიძე, საჯაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი; ბურდული, ჯამარაული, ცქიტიშვილი; გახოკიძე, დემეტრაძე, ალექსიძე.
გიორგი დემეტრაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე გოლი რატი ალექსიძემ გაიტანა.
ლუქსემბურგი 0-0 საქართველო (2007)
ეს შეხვედრა 2007 წელს ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიულერი წვრთნიდა, მან კი ამ მატჩში ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა:
ლომაია; ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, კვირკველია; კობიაშვილი, ასათიანი, ბურდული, ცქიტიშვილი; იაშვილი, სირაძე.
შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ლუქსემბურგი 1-2 საქართველო (2012)
შემდეგი მატჩი გუნდებს შორის 2012 წელს ვიხილეთ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მაშინ თემურ ქეცბაია იყო, შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:
ლორია; კაშია, ხუბუტია, ამისულაშვილი, გრიალავა; კანკავა; კობახიძე, ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე; მჭედლიძე.
გოლები ჩვენი მხრიდან ლევან მჭედლიძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.
ლუქსემბურგი 1-0 საქართველო (2018)
ლუქსემბურგთან ერთადერთი მარცხი ბოლო ურთიერთშეხვედრაში ფიქსირდება, რომელიც 2018 წელს ჩატარდა. ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი გახლდათ, მეტოქის მწვრთნელი კი ლუკ ჰოლცი იყო, რომელიც ლუქსემბურგის ნაკრებს ახლაც წვრთნის. ჩვენი თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა:
მაკარიძე; ჯიღაური, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა; ბერიძე, აბურჯანია, ხარაიშვილი, ჭანტურიშვილი; კაჭარავა.
საქართველო ორელიენ იოახიმის გოლით დამარცხდა.
ჩვენი შედეგი ლუქსემბურგთან ურთიერთშეხვედრებში ასეთია: 2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი.
უმნიშვნელოვანეს მატჩამდე კი 1 დღე დარჩა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვა და სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.