-
Aa
+
ფონტის ზომა
კლუბში ამბობენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მხიარული ადამიანი ხარ, მაგრამ მოედანზე არასდროს იღიმი…
მართლა? ასეთი შთაბეჭდილება გაქვთ? ვფიქრობ, სინამდვილეში საკმაოდ კარგი და პოზიტიური ადამიანი ვარ. მართალია, მოედანზე ძალიან კონცენტრირებული ვარ და ამიტომ სერიოზულად გამოვიყურები. მაგრამ ცხოვრებაში კარგი ადამიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ვიყო პოზიტიური ჩემს ხასიათსა და აზრებში. თუ შენ პოზიტიურ ენერგიას გასცემ, ხალხიც უკან გიბრუნებს.
შენი თამაშის სტილს ხშირად ძალიან რომანტიკულს უწოდებენ და ზოგჯერ ჯორჯ ბესტსაც კი გადარებენ. ეს შეგნებულად ხდება?
არა, უბრალოდ ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მოედანზე ისეთივე ვარ, როგორიც ცხოვრებაში. არ მიყვარს როლის თამაში. მაგრამ მესმის ეს შედარება. ნაპოლიში უკვე მეუბნებოდნენ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავარ. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო. შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, მისი ცხოვრების სირთულეები რომ არა… მაგრამ ვაღიარებ, ასეთი შედარება მომწონს.
როგორ აღწერდი საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს?
ვიტყოდი: მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და… ქართველი. ბოლო ორი თითქმის ერთსა და იმავეს ნიშნავს. ამას მხოლოდ ქართველები მიხვდებიან ბოლომდე.
შეგიძლია ეს ფრანგ გულშემატკივარს აუხსნა?
ჩვენ ძალიან პატარა ქვეყნიდან მოვდივართ და ვცდილობთ მსოფლიოს საუკეთესო სახით ვაჩვენოთ თავი. როცა ვინმე საქართველოში მოდის, ვცდილობთ საუკეთესო მასპინძლები ვიყოთ. როცა ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ, შემდეგ საკუთარი თავისთვის.
როცა ისეთი პატარა ქვეყნიდან ხარ, როგორიც ჩემი ქვეყანაა, ძალიან ცოტა შანსი გაქვს ისეთი დიდი კლუბისთვის ითამაშო, როგორიც პსჟ-ა. დღეს ჩემთვის უდიდესი სიამაყეა, რომ "პარიზის ქართველად" მიცნობენ.
ამიტომაც აღნიშნე ჩემპიონთა ლიგის მოგება საქართველოს დროშით?
ფინალის წინა დღეს, როცა მიუნხენში წასასვლელად ჩემოდანს ვალაგებდი, პირველი რაც ჩავდე, საქართველოს დროშა იყო. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ერთი სურვილი მქონდამ მატჩის შემდეგ მოედანზე დროშით გავრბენილიყავი. რა საოცარი გრძნობა იყო! სიმართლე რომ ვთქვა, დროშა ყოველთვის პირველი რამაა, რაც თამაშამდე თან მიმაქვს.
ფეხბურთის გარდა რა გიყვარს?
მოედნის გარეთ ძალიან მშვიდი ცხოვრება მაქვს. ძირითადად მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. სახლში ბევრ თამაშსაც არ ვუყურებ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს. მყავს წლინახევრის შვილი, და მასზე უნდა ვიზრუნო. სხვათა შორის, ფეხბურთი ძალიან უყვარს. უკვე მარცხენა ფეხითაც ძალიან კარგად თამაშობს. მგონია, ჩემზე უკეთესი იქნება. იმედი მაქვს.
როგორც შენ გეხმარებოდა მამა?
მამასთან ხშირად არ გვითამაშია, რადგან მაშინ მე საქართველოში დედასთან ვცხოვრობდი, ის კი აზერბაიჯანში თამაშობდა. მაგრამ მახსოვს, დედა მამას თამაშების DVD-ებს მაჩვენებდა.
როცა ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მესიზე და მარადონაზეც უკეთესი იყო.
სკოლაში ბავშვები ამბობდნენ, პირიქითო, მაგრამ მე ვამტკიცებდი, რომ მამაჩემი საუკეთესოა. ის ჩემი პირველი ინსპირაცია იყო.
გინდა შენც ასეთი მაგალითი იყო შენი შვილისთვის?
დიახ. როგორც კი ჩემი შვილი ვინმეს ხედავს, ამბობს: ,,მამა გოლი! მამა გოლი!" ფოტოებს რომ ვუყურებთ, პსჟ-ს თითქმის ყველა მოთამაშეს ცნობს. მისი ფავორიტი ბარკოლაა. როგორც კი ხედავს, ამბობს: „ბაკოლა, ბაკოლა, ბაკოლა!“
როგორ გრძნობ თავს პარიზში?
ძალიან მიყვარს პარიზი. ყველაფერი მიყვარს აქ. რაც ყველაზე მეტად მომწონს - ხალხის პატივისცემა. ქუჩაში დიდად არ გაწუხებენ. მაგალითად, რესტორანში ჯერ გეკითხებიან, ფოტო შეიძლება თუ არა. ეს ძალიან მომწონს. ჩემთვის პარიზი საუკეთესო ქალაქია მეუღლესთან ერთად სასეირნოდ.
რომელია შენი საყვარელი ადგილი ან ქუჩა პარიზში?
მე გამიმართლა, რომ დიდი სახლი მაქვს, სადაც სეირნობა შემიძლია. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, ვისაც ქალაქის ცენტრში სეირნობა უყვარს, ცოტა შინაურული ტიპი ვარ. მაგრამ როცა მაინც მივდივარ ცენტრში სასეირნოდ, ამას ფეხით ვაკეთებ, რადგან ხალხი დიდად არ მაწუხებს. ეს მართლაც ძალიან სასიამოვნოა.
რა იყო პარიზში ისეთი, რაც სხვაგან არ გინახავს?
დისნეილენდი! მეუღლე და მეგობრები წავიყვანე იქ. მაგრამ პარიზი ჩემთვის მართლაც საოცარია, აქ ყველაფერი არის. თან ეს სიყვარულის ქალაქია.
როცა პსჟ-დან დამირეკეს, ვფიქრობ, ჩემი ცოლი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში.
მანამდეც ხშირად ამბობდა: „წარმოიდგინე, პსჟ-ში რომ ვთამაშობდეთ და პარიზში ვცხოვრობდეთ, რა საოცარი იქნებოდა.“ მე ვპასუხობდი: „კი, რა თქმა უნდა.“ მაგრამ გულში ვფიქრობდი - ეს ძალიან რთულია.
პსჟ-ში გადასვლა ოცნების ახდენაა?
როცა ისეთი პატარა ქვეყნიდან ხარ, როგორიც საქართველოა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდში თამაში, რა თქმა უნდა, ოცნებაა. ნაპოლიში გადასვლაც უკვე ძალიან დიდი საქმე იყო ჩემთვის. მაგრამ როცა პსჟ-მ დამირეკა, მაშინ მივხვდი, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდი.
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ვერ შეძლებდი უარის თქმას და მეუღლის იმედგაცრუებას…
სხვა ვარიანტებიც მქონდა, სხვა შეთავაზებებიც, მაგრამ იმან, როგორ წარმოადგინეს პროექტი მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არ მიყოყმანია, უბრალოდ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ პსჟ-ში გადასვლა მინდოდა.
პარიზში ტრანსფერი, ქორწილი, ჩემპიონთა ლიგის მოგება… 2025 იდეალური წელი იყო?
ძალიან გამიმართლა, რადგან ნაპოლშიც წლების განმავლობაში სკუდეტო არ ჰქონდათ მოგებული და ჩვენ ეს მოვახერხეთ სანამ კლუბს დავტოვებდი. იგივე მოხდა პსჟ-შიც ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით. საქართველოში ამბობენ, რომ თუ ოთახში მარჯვენა ფეხით შედიხარ, იღბალი გექნება. ასე რომ, პარიზში მეც მარჯვენა ფეხით შევედი. როცა ჩამოვედი, პირველი მატჩი, რომელსაც ვუყურე, იყო სიტის წინააღმდეგ გამარჯვება. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი: „ეს ბიჭები საოცრები არიან, ამ გუნდში მე სად უნდა ვითამაშო?“ მაგრამ როცა ვნახე როგორ ვარჯიშობდნენ, მივხვდი, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო და რომ ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვეძლო.
წლის საუკეთესო მომენტი?
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი. მინდა ეს მომენტი კიდევ ბევრჯერ განვიცადო. იმდენად ემოციური ვიყავი, რომ არც კი ვიცოდი როგორ უნდა აღმენიშნა. იმ მომენტში ალბათ მსოფლიოში ყველაზე ამაყი ადამიანი ვიყავი.
ასეთი გიჟური სეზონის შემდეგ, რთულია იგივე დონის მოტივაციის დაბრუნება?
როცა რაღაცას იგებ, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მისდევდი, შეიძლება ცოტა დამშვიდდე. მაგრამ პსჟ-ში ყველაზე კარგი ის არის, რომ მწვრთნელი, სტაფი და მთელი გუნდი ერთმანეთს ვამოტივირებთ, რათა კიდევ ბევრჯერ მოვიგოთ.
ერთი კარგი მიზეზი რომ გვითხრათ, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ პარიზს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნება?
ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ ჩვენ პსჟ ვართ და ეს კლუბი მართლაც საოცარია. ჩვენ ვიცით, რომ ამის კიდევ ერთხელ გაკეთება შეგვიძლია, რადგან მოთამაშეები, სტაფი, მწვრთნელები, კლუბის მფლობელები, ყველა ჩართულია და ყველას ხშირად გამარჯვება უნდა.
ნამდვილად ყველაფერი შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა შედეგები არასტაბილურია?
დიახ, რა თქმა უნდა. ვიცით, რომ თუ სრულად კონცენტრირებულები ვიქნებით, ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია მოვუგოთ, რადგან საოცარი გუნდი გვყავს. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ნებისმიერთან შეიძლება წავაგოთ, რადგან ფეხბურთი ასეთია.
რთულია თავმდაბლად დარჩენა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ?
ჩვენ ძალიან თავმდაბლები ვართ. პატივს ვცემთ ყველა მოწინააღმდეგეს და 100%-ით ვთამაშობთ, იქნება ეს ლიგა 1 თუ ჩემპიონთა ლიგა. მოედანზე ყველაფერს ვდებთ. ყოველთვის გვაქვს გამარჯვების შიმშილი და სწორედ ამ შიმშილით მოვიგებთ კიდევ უფრო მეტ ტიტულს.
ეს თავდაჯერება საიდან მოდის? დაკავშირებულია თუ არა მწვრთნელის პიროვნებასთან?
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რადგან გუნდში ერთსა და იმავე მოტივაციასა და გამარჯვების შიმშილის შენარჩუნება ძალიან რთულია. მაგრამ მწვრთნელი საოცარ საქმეს აკეთებს და ყველა მაქსიმუმს დებს.
ასევე შემიძლია ვთქვა, რომ მოთამაშეები ერთმანეთთან ძალიან ბედნიერები არიან. გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ერთად ვარჯიში და თამაში.
რომელ თანაგუნდელს გამოარჩევ?
ერთს ვერ გამოვყოფ. ყველა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელმაც ოქროს ბურთიც მოიგო - უსმან დემბელე. ჩვენ ყველანი ვუყურებთ მას. ის ნამდვილად განსხვავებულია და გუნდში ძალიან პოზიტიურ ენერგიას მოაქვს.
ლუის ენრიკესთან ურთიერთობა?
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მწვრთნელია, შეუძლია დამიყვიროს კიდეც, რაც უნდა მითხრას, რადგან ვიცი, რომ სურს უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ის ძალიან მარტივად ხსნის ყველაფერს და ყოველთვის რაღაცას გასწავლის.
პირად დონეზე, რა არის შენი მთავარი ოცნება პარიზთან და საქართველოსთან დაკავშირებით?
პარიზთან დაკავშირებით ჩემი ოცნებაა იგივე გავაკეთო, რაც გასულ წელს. საქართველოსთან დაკავშირებით კი ჩემი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. ევროპის ჩემპიონატზე თამაშით უკვე შევქმენით ისტორია. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი…
ბავშვობაში ვინ იყო შენი კუმირი?
გუტი. მაგრამ მისი მაისურის ყიდვის ფული არ მქონდა. ამიტომ თეთრ მაისურზე მარკერით დავწერე: 14 Guti. მისი თამაშის აზროვნება, პასები და ინტელექტი ძალიან მომწონდა.
გქონია შესაძლებლობა პირადად შეხვედროდი მას?
არა, მაგრამ მაისურები გავცვალეთ. ნაპოლიში ინტერვიუში ვახსენე იგი. შემდეგ თავად დამიკავშირდა და თავისი მაისური გამომიგზავნა. ეს ძალიან გამიხარდა. ახლა ის ჩემს სახლში, საქართველოში მაქვს.
ვილი სანიოლი ამბობს, რომ ფრანკ რიბერის ჰგავხარ თამაშით. მართალია?
ეს ძალიან მალე მითხრა ჩვენი გაცნობიდან და ძალიან მომეწონა ეს შედარება. რიბერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი იყო. ყოველთვის ვუყურებდი მის თამაშს რობენთან ერთად, როცა ბაიერნში ერთად თამაშობდნენ, ისინი მართლაც საოცრები იყვნენ.
ნაპოლიში კვარადონა დაგარქვეს. როგორ იღებ ამას?
მარადონასთან შედარება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტვირთია. მარადონას ვერავინ შეედრება. მაგრამ როცა გულშემატკივრებმა კვარადონა დამარქვეს, ძალიან გამიხარდა. ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან ვუყვარდი.
შენი მთავარი იარაღი თამაშში?
ალბათ დრიბლინგი. მაგრამ პარიზში ამასთან ერთად სხვა რაღაცაც ვისწავლე - მებრძოლი გავხდი. ყოველთვის ვცდილობ 100% დავიხარჯო, დაცვაშიც. ნაპოლიში ეს ნაკლებად მქონდა. მწვრთნელმა ამ მხრივ ძალიან გამაუმჯობესა.
რეკლამაში გადაგიღეს. ისურვებდი ფეხბურთის შემდეგ მსახიობობას?
ძალიან მინდა, მაგრამ რთულია. რეკლამაში გადაღების შემდეგ ბევრმა მითხრა, რომ კარგად ვითამაშე. როცა ფილმებს ვუყურებ, ყოველთვის წარმოვიდგენ, რომ მთავარი გმირი მე ვარ. მაგრამ ალბათ ეს მხოლოდ ოცნება დარჩება.
რა როლზე ოცნებობ?
მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვწონს სერიალი ,,ვამპირის დღიურები". იქ არის საოცარი პერსონაჟი - სტეფან სალვატორე. ის ვამპირია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი. ბოლოს საკუთარი ძმისთვის კვდება. საქართველოში ოჯახი ყველაფერია.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები